15 ნოემბერი 2024,   19:36
ვრცლად
სამწუხაროა, რომ, დონორი ორგანიზაციისგან, დღემდე, სათანადო განმარტებები და პროცესებისგან გამიჯვნის შესახებ განცხადება არ მოგვისმენია - შალვა პაპუაშვილი სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე

"სამწუხაროა, რომ დღემდე, სათანადო განმარტებები და გამიჯვნა ამ პროცესებისგან დონორი ორგანიზაციის მხრიდან არ მოგვისმენია, უსაფრთხოების სამსახური ამ საქმეს იძიებს და რა თქმა უნდა, საბოლოო წერტილამდეც მივლენ," - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ე.წ. სახელმწიფო გადატრიალების საქმის ძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, სუს-ის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა გუშინ, პარლამენტის დახურულ სხდომაზე საქმესტან დაკავშირებით დამატებითი დეტალები გააჟღერა.

"ძალიან ხანგრძლივი და კარგი მსჯელობა გვქონდა, ამ დროს დახურული ფორმატი ყოველთვის ამართლებს ხოლმე, მათ შორის, ოპოზიციის ძალიან კონსტრუქციული ჩართულობა იყო, ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღეს, მათ შორის, პასუხები, რომელიც საჯაროდ არ ითქმის. ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან მადლობები იქაც მოვისმინეთ. რაც შეეხება ამ სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც მიმდინარეობს, მგონი, თავად უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ყველაზე ზუსტი და სწორი შეფასება გააკეთა, რომ რევოლუციონერებს არ აქვთ პროფესია, მათ აქვთ მოტივაცია. ჩვენ ამ საკითხებთან დაკავშირებით გარკვეული დამატებითი დეტალები მოვისმინეთ, თუმცა, ის ტექსტები, რომელსაც ე.წ. ტრენინგიდან ვისმენდით, ისედაც თავის თავზე მეტყველებს. სამწუხაროა, რომ დღემდე, სათანადო განმარტებები და გამიჯვნა ამ პროცესებისგან დონორი ორგანიზაციის მხრიდან არ მოგვისმენია, უსაფრთხოების სამსახური ამ საქმეს იძიებს და რა თქმა უნდა, საბოლოო წერტილამდეც მივლენ.

უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა მოსმენის დროს ისაუბრა, რომ მასალა რამდენიმე საათიანია და რაც გამოქვეყნდა, 8-წუთიანი იყო, იმ მასალიდან ის მცირედი, მიზერული ნაწილიც კი მის შინაარსს გვაჩვენებდა. თუმცა, ცალკე მასალა არის, რომელსაც გამოძიება თუ საჭიროდ ჩათვლის, გაასაჯაროებს. მთავარია ერთი რამ, რომ უსაფრთხოების სამსახურმა დროულად გაასაჯაროვა ის ფაქტი, რომ გამოძიება მიდიოდა, რადგან ეს განმსაზღვრელი იყო გარკვეული რისკების შესამცირებლად და საზოგადოების გასაფრთხილებლად," - განაცხადა პაპუაშვილმა.

დღის ამბები