"ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას აფასებს, სადაც პრეზიდენტმა თქვა, რომ საქართველოდან რუსული ბაზები და ჯარი პირადად მან გაიყვანა.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ეს იყო ქართული დიპლომატიის მრავალწლიანი მუშაობისა და ეუთოს სტამბოლის შეთანხმების შედეგი. ზურაბიშვილი კი ამ პროცესის საკუთარ მიღწევად წარმოჩენას და პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს.
"მე გავიყვანე რუსული ჯარებიო - ესეც იმ პათოსიდან არის, რაზეც მე ვსაუბრობდი, როდესაც წარმოდგენა არის ასეთი, რომ ადამიანი თავად არის სახელმწიფო როდესაც ადამიანი, თავის თავს აწერს იმ პროცესს, რომელიც 10 წელზე მეტი გრძელდებოდა და რომელშიც ჩართული იყვნენ საქართველოს სხვადასხვა ხელისუფლების წარმომადგენელი, ჩვენი დიპლომატები და სამხედრო მოსამსახურეები... ამ ყველაფრის შემდეგ, როდესაც ერთი ადამიანი ცდილობს მიიწეროს მთლიანად მთელი სახელმწიფოს მუშაობა, ეს, უბრალოდ, არასწორია და კიდევ ერთხელ აჩვენებს არასწორ პათოსს, რომელიც სალომე ზურაბიშვილს აქვს საკუთარ პერსონასთან და მის როლთან დაკავშირებით," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.