ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას აფასებს, სადაც პრეზიდენტმა თქვა, რომ საქართველოდან რუსული ბაზები და ჯარი პირადად მან გაიყვანა:
"მე მივესალმები ყველა ადამიანის სურვილს იმისას, რომ ის თავის დამსახურებად ჩათვლის ანუ ის მხარს უჭერს ქვეყნის დეოკუპაციას და არასამართლიანად თვლის იმ რუსული ბაზების არსებობას, რომელიც არსებობდა და სამწუხაროდ ისევ არსებობს," - აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ბოტკოველი.
ალეკო ელისაშვილის განცხადებით კი, სალომე ზურაბიშვილსაც ჰქონდა ამაში წვლილი, თუმცა მარტო მისი დამსახურება არ იყო ეს:
"ის ისტორიული დოკუმენტი მართლაც შევარდნაძის დროს იყო ხელმოწერილი და, რა თქმა უნდა, შემდეგ უკვე სალომე ზურაბიშვილსაც ჰქონდა ამაში წვლილი, თუმცა ის, რომ მარტო ეძგერა სალომე ზურაბიშვილი და გაყარა რუსული ჯარები, ასე არ არის. არც უნდა დაუკარგო ღვაწლი და არც უნდა განადიდო,"- აღნიშნავს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”მოქალაქეები” თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი.