პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს უსმენენ. ილია დარჩიაშვილი საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის მოთხოვნით, ინტერპელაციის წესით იმყოფება. ოპოზიციის მთავარი შეკითხვა ეხება საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას, არსებული გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, უშლის თუ არა ეს ხელს ქვეყნის საგარეო კურსს. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ჩინეთთან დაწყებული ახალი პარტნიორული ურთიერთობები, მათ შორის ეკონომიკური კუთხით, ხელს არ უშლის ქვეყნის საგარეო პრიორიტეტებს.
პარლამენტის წევრმა, პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკურმა მდივანმა სალომე სამადაშვილმა, ილია დარჩიაშვილს სიტყვით მიმართა: "ჩვენ ვუსმენთ ევროკავშირი რას გვეუბნება და ზუსტად ვიცით, რომ ამ ქვეყნის გზა ევროკავშირისკენ ჩინეთზე ვერ გაივლის" - აღნიშნა სამადაშვილმა.
"ჩინეთთან ჩვენ არავითარი სტრატეგიული ურთიერთობა არ გვინდა," - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ევროოპტიმისტების" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა.
მათ კი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა უპასუხა, რომ არ შეიძლება, ქვეყანასთან გინდოდეს მხოლოდ სავაჭრო, ეკონომიკური პარტნიორობა და მასტან არ გქონდეს კარგი პოლიტიკური ურთიერთობები:
"როგორ შეიძლება ქვეყანასთან გინდოდეს სავაჭრო, ეკონომიკური პარტნიორობა და მასთან არ გქონდეს კარგი პოლიტიკური ურთიერთობები? ეს ყოველგვარ ლოგიკას არის მოკლებული. ახლახან, პეკინში გამართული ევროკავშირი-ჩინეთის მორიგი, მეთორმეტე სტრატეგიული დიალოგი, რომელიც რამდენიმე და მათ შორის პოლიტიკურ განზომილებას მოიცავდა და რომლის ფარგლებშიც ბატონი ბორელი მიესალმა მხარეებს შორის მაღალი დონის კავშირების ინტენსიფიკაციას. დღეს კიდევ ერთხელ გაისმა ოპოზიციის მხრიდან, რომ ამ ქვეყანაში რეფორმები ჩაბარდა - მეგობრებო მოგიწოდებთ, რომ მინიმუმ 3-4 თვე მაინც ეს ტერმინი აღარ გამოიყენოთ, რადგანაც საქართველო ძალიან მნიშვნელოვან პროცესში შედის. ჩვენი ევროპული ინტეგრაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია,"- აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.