15 ნოემბერი 2024,   19:40
ვრცლად
უკრაინაში მებრძოლი ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა საკუთარი ქვეყნის პატრიოტია - გრიგოლ ლილუაშვილი

შეესაბამება თუ არა სინამდვილეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ უკრაინაში მებრძოლ ქართველებს უსმენენ და დაკითხვაზე იბარებენ - ეს კითხვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს დაუსვეს.  გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა, რომ ამის ტექნიკურად და მორალურად წარმოდგენაც კი შეუძლებელია.

სუსის ხელმძღვანელმა აქვე განაცხადა, რომ უკრაინაში მებრძოლი ქართველების უმრავლესობა არის საკუთარი ქვეყნის პატრიოტი.

"უკრაინაში მებრძოლი ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა, საკუთარი ქვეყნის პატრიოტია. ამ ხალხს სისხლი აქვთ დაღვრილი სამშობლოს ერთიანობისთვის. მათი თანამებრძოლების დიდი ნაწილი დღეს ემსახურება თავის ქვეყანას საჯარო სამსახურებში - მათ შორის სამართალდამცავ უწყებებში. ეს არის ის აქტივი, რომელიც საქართველოს სიძლიერეში შეიტანს წვლილს, მაგრამ მათი მოქმედება სახელმწიფოს მიერ გაცხადებულ პოლიტიკასთან სინქრონში უნდა ხდებოდეს, კანონიერ ფარგლებში და არა ამოვარდნილად და დამატებითი რისკების შექმნის ფონზე.

სამწუხაროდ, მებრძოლთა ძალიან მცირე ნაწილი, გამოირჩევა კეკლუცობით კამერების წინ "ტიკტოკებში", რომლებმაც ბევრჯერ გამოხატეს დესტრუქციული ქმედებების სურვილი. იმედი მაქვს, დაფიქრდებიან და პირველ ადგილზე საკუთარი სამშობლოს ინტერესებს დააყენებენ. როგორ წარმოგიდენიათ, რომ მოსმენა ხორციელდება უკრაინაში მებრძოლ პირებზე საქართველოდან?!  ეს ან ტექნიკურად როგორ წარმოგიდგენიათ ან მორალურად რა უფლება გვაქვს ვინმეს ვუსმენდეთ?!

დაბეჯითებით, საკუთარი თავით ვაგებ პასუხს, ერთი გვარი მაინც დამისახელეთ, ვისაც მოუწია სუს-ის ნებისმიერ ადმინისტრაციულ შენობაში გამოკითხვაზე მობრძანება,"- აცხადებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, გრიგოლ ლილუაშვილი.

დღის ამბები