15 ნოემბერი 2024,   19:42
ვრცლად
საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანის ქრონოლოგია - რას პასუხობენ სალომე ზურაბიშვილს მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლები

პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს ისტორიულ ფაქტებს ახსენებს. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ზურაბიშვილმა მიისაკუთრა ის, რაც რეალურად სახელმწიფოს მრავალწლიანი მუშაობის შედეგი იყო.

ის, რომ საქართველოდან რუსული ბაზების გასვლა, მხოლოდ მისი დამსახურებაა, სალომე ზურაბიშვილს სხვადასხვა პოლიტიკურ ტრიბუნაზე არაერთხელ უთქვამს. ბოლო ასეთი გამოსვლა კი, მისი იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას ჰქონდა.

რეალურად ვინ გაიყვანა საქართველოდან რუსეთის ჯარები? - ოპოზიციაში ყველას თავისი აზრი აქვს. "ნაცმოძრაობაში" მხოლოდ სააკაშვილის დამსახურებას ხედავენ, ოპოზიციის მეორე ნაწილი კი წარმატებას ქართველი დიპლომატების ხანგრძლივ მუშაობას უკავშირებს.

საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანის საკითხზე მოლაპარაკებები ჯერ კიდევ 1995 წელს დაიწყო. ვაჟა ლორთქიფანიძე, რომელსაც სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა ეკავა და პროცესში უშუალოდ იყო ჩართული, ამ ისტორიას დღეს "კურიერთან" იხსენებს. ლორთქიფანიძე ამ პროცესში სალომე ზურაბიშვილის როლზეც საუბრობს და ამბობს, რომ ერთ ადამიანზე ამ დამსახურების მიწერა უხერხულია.

მთავარი შეთანხმება 1999 წელს, სტამბოლში დაიდო. ამ დოკუმენტის თანახმად, რუსულმა მხარემ საქართველოდან სამხედრო ბაზების გაყვანის თარიღების შეთანხმების ვალდებულება აიღო. გაიწერა გრაფიკიც. სალომე ზურაბიშვილმა კი რომელსაც 2004-2005 წლებში საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა, სერგეი ლავროვთან მოლაპარაკებებით მხოლოდ ბოლო ტექნიკური დეტალები შეათანხმა.

საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის პროცესი 1999 წლის „სტამბულის შეთანხმების“ ხელმოწერიდან დაიწყო და დიპლომატიური სამსახურის წარმომადგენლებისა და საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ძალისხმევის შედეგად, 2007 წელს დასრულდა. ბათუმიდან და ახალქალაქიდან რუსეთმა თავისი სამხედრო ნაწილები საბოლოოდ 2007 წლის ნოემბერში გაიყვანა.

დღის ამბები