15 ნოემბერი 2024,   19:27
ვრცლად
ოთარ ფარცხალაძის საქმე - რას ამბობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი და როგორია პოლიტიკური შეფასებები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ მასალაზე, ოთარ ფარცხალაძე სუს-ის ცენტრალურ ოფისში შედის. უცხო ქვეყნისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში შესაძლო დახმარების მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ყოფილი ძალოვანი 19 სექტემბერს გამოკითხეს. სუს-ის ხელმძღვანელის განცხადებით, ფარცხალაძეს გამოძიებისთვის იმაზე მეტი არაფერი უთქვამს, რაც საჯარო სივრცეში მის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში იყო ნათქვამი. გრიგოლ ლილუაშვილი ამ საქმეზე პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ჩატარებულია ან პროცესშია. გრძელდება ფარცხალაძის ახლო გარემოცვის გამოკითხვა.

გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა ქართული მხარე ამერიკისგან და ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან ფარცხალაძესთან დაკავშირებით მტკიცებულებებს ამ დრომდე ელოდება.

პარლამენტის თავმჯდომარე ვარაუდობს, რომ თუკი პარტნიორები შესაბამის ქართულ უწყებებს მასალებს არ გადასცემენ, ეს ნიშნავს, რომ ოთარ ფარცხალაძის საკითხი დაიხურა ან მალე დაიხურება.

ოპოზიციის ნაწილი არ გამორიცხავს, რომ შტატებისა და საქართველოს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლობა შედეგიანი იქნება. მეორე ნაწილს კი ამის მოლოდინი არ აქვს.

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ფარცხალაძესთან დაკავშირებით მათ მყარი მტკიცებულებები არა პოლიტიკური, არამედ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო სჭირდებათ.

მტკიცებულებების გადმოცემის მოთხოვნა საქართველოს პროკურატურისა და საგარეო საქმეთა სამინისტროსგან სახელმწიფო დეპარტამენტს უკვე მიღებული აქვს, თუმცა პასუხი ან საქმესთან დაკავშირებული დეტალი ქართულ მხარეს ამ დრომდე არ მიუღია.

თვეზე მეტია, რაც აშშ-მა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს სანქციები დაუწესა. ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ინფორმაციით, სასანქციო პაკეტი 24 ინდივიდზე გავრცელდა და მათ შორისაა ოთარ ფარცხალაძეც.

 

 

დღის ამბები