საქართველოს პორტებში მომსახურება არ გასწევია არცერთ სანქცირებულ გემს - ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, პარლამენტში, მედიას განუცხადა. გრიგოლ ლილუაშვილმა ამომწურავად ისაუბრა იმ პროცედურებისა და კონტროლის მექანიზმების შესახებ, რომლებიც საქართველოს პორტებში ხორციელდება, რათა საქართველოს საზღვაო აკვატორია არ იქნეს გამოყენებული სანქციებისგან თავის ასარიდებლად.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თქმით, საქართველოს საზღვაო წყლებში შემოსული ყველა გემი ექვემდებარება შემოწმებას, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად შექმნილი ჯეიმოკის - საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის მიერ, სადაც, ქართველ მორეაგირე უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, ჩართულნი არიან პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებიც. როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, ამ დრომდე, საქართველოს არცერთ პორტში არ დაფიქსირებულა შემთხვევა, რომ ნებისმიერი ტიპის, მათ შორის, საბაჟო ან საპორტო მომსახურება გასწეოდეს სანქცირებულ ხომალდს.
"ფოთში შემოსული გემების აბსოლუტური უმრავლესობა ექვემდებარება სკრინინგს, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად შექმნილი გეიმოკის ცენტრის მიერ, სადაც ქართველი მორეაგირე უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, არიან ჩვენი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლები. საქართველოს არცერთ პორტში, არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, სადაც მომსახურება გასწეოდეს, ტვირთის გადმოცლა, საბაჟო, ან საპორტო მომსახურება გასწეოდეს სანქცირებულ ხომალდს," - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.