15 ნოემბერი 2024,   19:31
ვრცლად
კიდევ ერთი ვეტო პრეზიდენტისგან - რას უკავშირებს სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას "ქართული ოცნება"

"შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონზე მოტივირებული შენიშვნები, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს წარუდგინა, მმართველი გუნდისთვის გაუგებარია. სალომე ზურაბიშვილის პოზიციაა, რომ კანონში ცვლილებები სახელმწიფოს გადაჭარბებული ჩარევის რისკს ქმნის და კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების რეალიზაციას საფრთხის ქვეშ აყენებს. ამ პოზიციას არ იზიარებენ "ქართულ ოცნებაში" და ვეტოს დასაძლევად ემზადებიან.

ის, რაც უმრავლესობისთვის გაუგებარია, გასაგებია ოპოზიციისთვის. ხელისუფლების ოპონენტებისა და სალომე ზურაბიშვილის პოზიციები კანონთან დაკავშირებით სრულ თანხვედრაშია. დესტაბილიზაციის პრევენცია - რითაც მმართველი გუნდი ცვლილებების აუცილებლობას ხსნის, ოპოზიციისთვის უსაფუძვლოა.

დესტაბილიზაციის ხელშეწყობა - ასე აფასებს "ქართული ოცნება" პრეზიდენტის გადაწყვეტილებას. მმართველი გუნდი სალომე ზურაბიშვილის ვეტოსა და ოპოზიციის გეგმებს ერთმანეთს უკავშირებს. უმრავლესობაში განმარტავენ, რომ ცვლილებები რეალური საფრთხის გათვალისწინებით მომზადდა და მისი მიზანი მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

კანონპროექტი სახალხო დამცველმა სამართლებრივი შეფასებისთვის ეუთო/ოდირს გადაუგზავნა. დასკვნაზეა დამოკიდებული, გაასაჩივრებს თუ არა ომბუდსმენი ცვლილებებს საკონსტიტუციო სასამართლოში. ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა 5 ოქტომბერს მესამე მოსმენით მიიღო, შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობას რამდენიმე შემთხვევაში კრძალავს - თუ ის საფრთხეს უქმნის სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში ან აფერხებს დაწესებულებების და ორგანიზაციების ფუნქციონირებას.

დღის ამბები