ევროკავშირის წვერი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ლუქსემბურგში ახლო აღმოსავლეთში არსებულ კონფლიქტზე მსჯელობენ, დღის წესრიგშია უკრაინა და მთიანი ყარაბაღიც. ასევე, საგარეო უწყების ხელმძღვანელები შეხვდებიან შუა აზიის ქვეყნების წარმომადგენლებსაც.
ევროკავშირი კვლავაც ცალსახად აფიქსირებს ისრაელის უფლებას, ქვეყნისა და მოსახლეობის დაცვაზე, თუმცა, აქვე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაცვის უფლება უნდა განხორციელდეს საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონმდებლობის ფარგლებში. ევროკავშირი მკაფიოდ ამბობს, რომ საჭიროა ჰუმანიტარული დახმარება ღაზას სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის.
"მსოფლიოში განვითარებული მოვლენები გვაიძულებს, მუდმივად ვიმუშაოთ კრიზისის პირობებში. ჰუმანიტარული პაუზა ეს არის ის, რაზეც მინისტრებს მოუწევთ მსჯელობა. ვიცი, რომ რამდენიმე დღეში ლიდერებსაც მოუწევთ განხილვა. პირადად, მე ვფიქრობ, რომ დიდი ძალისხმევაა საჭირო იმისთვის, რომ ჰუმანიტარული მხარდაჭერა შევიდეს და განაწილდეს. დაფიქრდით იმაზე, რომ ღაზას მოსახლეობის ნახევარს სახლის დატოვება მოუხდა. ეგვიპტე მზადაა ყველა სატვირთო მანქანას შეუშვას. არ მსურს ვინმეს რაიმე დავაბრალო, მაგრამ ფაქტია, რომ სატვირთოები სრულად ვერ შედიან.
უკრაინის ომსა და ისრაელის ომს განსხვავებული მიზეზები და შედეგები აქვს მთელს მსოფლიოში. რუსეთმა, რა თქმა უნდა, ისარგებლა ამ სიტუაციით. ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რათა გამოვავლინოთ იგივე შეშფოთება ყველა მოკლული მშვიდობიანი მოქალაქის მიმართ. ჩვენ ძლიერი მხარდაჭერას ვაფიქსირებთ ისრაელის მიმართ, რადგან თავდამსხმელები მხარს უჭერდნენ ერთ-ერთ ყველაზე დიდ თავდასხმას ებრაელი ხალხის წინააღმდეგ. ეს უნდა იყოს დაგმობილი და ჩვენ ამას ვაკეთებთ კიდეც, მაგრამ ჩვენ, ასევე, უნდა გავითვალისწინოთ პალესტინელების უდანაშაულობაც. ისინიც "ჰამასის" მსხვერპლნი არიან. ჩვენ ზუსტად იგივე შეშფოთება უნდა გამოვავლინოთ ყველა მოკლული მშვიდობიანი მოქალაქის მიმართ," - აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა.