პოლიტიკური ურთიერთბრალდებების თემაა საქართველოს შესახებ ალდეს რეზოლუცია. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მსგავსი რეზოლუციებით ოპოზიცია კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესის დაზიანებას ცდილობს. რეზოლუცია სტრატეგია აღმაშენებლის ინიციირებით, ბუქარესტში მიმდინარე ალდეს პარტიების საბჭოზე მიიღეს. ალდე მოუწოდებს საქართველოს მთავრობასა და მმართველ პარტიას, სასწრაფოდ განახორციელონ საჭირო რეფორმები ევროკომისიის მიერ დადგენილი 12 რეკომენდაციის შესასრულებლად, დაიცვან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციები, დაიწყონ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამკურნალო მიზნებით ქვეყნიდან გადაყვანის პროცედურა, გააუქმონ შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები. სამ ქვეყანასთან წინასწარ შეთანხმებული რეზოლუცია, ალდეს პარტიების საბჭოს სხდომაზე სერგო ჩიხლაძემ წარადგინა.
"ხალხის ძალის" წევრი, გურამ მაჭარაშვილი იმედოვნებს, რომ წლის ბოლოს ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ექნება.
"გვახსოვს, "ნაცმოძრაობის" ლიდერების გამოსვლები, რომ ქვეყანამ არ უნდა მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის სანამ "ქართული ოცნება" ხელისუფლებაშია, ასევე რადიკალური ოპოზიციის გამოსვლები. პრეზიდენტიც თავისთავად ამბობს, რომ ქვეყანაში არ არის დემოკრატია და ფორმალურად სრულდება 12 პუნქტის რეკომენდაციები და ასე შემდეგ. მიუხედავად ამისა, როდესაც მაღალია ალბათობა, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, უკვე შოკში ჩავარდნენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები. ვხედავთ, რომ სერგი კაპანაძე NGE-ს ეუბნება, რომ პირობები დაუყენეთ ქვეყანას, ისე არ მისცეთ კანდიდატის სტატუსიო... "სტრატეგია აღმაშენებელი" ვერ ჩამოყალიბდა, "ნაცმოძრაობაშია", თუ თავის პარტია აქვს... ასევე, ამბობს, არ მიცეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოსო... ღრმად მწამს, რომ, წლის ბოლოს, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოპოვებას მივულოცავთ, ხოლო რადიკალურ ოპოზიციას მივუსამძიმრებთ", - განაცხადა გურამ მაჭავარიანმა.
”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ცაგარეიშვილს განცხადებით, რეზოლუციებში, საქართველოში არსებული ვითარება არაერთხელ დამახიჯნებულა.
"ევროპული პარტიების მეშვეობით, ყოველ ჯერზე ცდილობენ, თავს მოახვიონ დღის წესრიგი საქართველოს მის დღევანდელობას და ამ ასპარეზს უკუღმართად იგებენ ხოლმე. ვფიქრობ, ნებისმიერ შემთხვევაში, მხარდაჭერა ხელსაყრელია. უბრალოდ, რეზოლუციებში საქართველოში არსებული ვითარების დამახინჯება ხდება ხოლმე. მიღებული რეზოლუცია, რომელიც გაუკუღმართებული სახით არის წარმოდგენილი, სადაც უამრავი არასწორი ინფორმაცია ფიგურირებს, რა თქმა უნდა, ხელს არ შეუწყობს ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას. ნებისმიერ პარტიას, ალდე იქნება, თუ სხვა ნებისმიერი პარტია, შეუძლია, ჩამობრძანდეს საქართველოში, რეალურად იხილოს მდგომარეობა და შემდეგ გააკეთოს შორსმიმავალი დასკვნები", - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.