15 ნოემბერი 2024,   19:46
ვრცლად
ვისაუბრეთ მომავალსა და იმ სპეციფიკურ ურთიერთობაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნების თავდაცვის უწყებებს შორისაა - ჯუანშერ ბურჭულაძე აშშ-ის ელჩთან შეხვედრაზე

თავდაცვის მინისტრი აშშ-ის ახალდანიშნულ ელჩს შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და აშშ-ის 30-წლიან სტრატეგიულ პარტნიორობას. ყურადღება გამახვილდა ქართველი და ამერიკელი სამხედროების მხარდამხარ ბრძოლის გამოცდილებაზე საერთაშორისო ოპერაციებში.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერების ინიციატივის შესრულების პროცესზე, რომელიც ამერიკული მხარის მიერ დადებითად შეფასდა. აღინიშნა აშშ-საქართველოს მრავალეროვნული სწავლებების პოზიტიური დინამიკა, რაც ზრდის თავდაცვის ძალების პროფესიონალიზმსა და ურთიერთთავსებადობის დონეს.

საუბარი შეეხო აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებებსაც.

"გავცვალეთ მოსაზრებები, ვისაუბრეთ მომავალსა და იმ სპეციფიკურ ურთიერთობაზე, რომელიც ამ ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორისაა. შევეხეთ სწავლებებს, რომელსაც უმასპინძლა საქართველომ, თუ მონაწილეობა მიიღო ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენმა სხვადასხვა დანაყოფმა. მადლობა გადავუხადეთ, იმ დახმარებისთვის, რომელსაც, ათობით წლის განმავლობაში, ამერიკის შეერთებული შტატები უწევს ჩვენს ქვეყანას და იმ პერსპექტივების შესახებ, რომლებმაც, შეიძლება, მომავალში კიდევ უფრო დააახლოოს ჩვენი ჯარები და ქვეყნები  ერთმანეთთან", - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. 

დღის ამბები