საქართველოს შესახებ ალდეს რეზოლუცია პოლიტიკური ურთიერთბრალდებების თემაა. რეზოლუცია, "სტრატეგია აღმაშენებლის" ინიციირებით, ბუქარესტში მიმდინარე ალდეს პარტიების საბჭოზე მიიღეს.
"ალდეს“ ჯგუფში 5 პოლიტიკური პარტია შედის საქართველოდან და ყველა პარტიას ვურჩევდი, პირველ რიგში, შეთანხმებას. მე არ ვხედავ პრობლემას, რომ რეალურ პრობლემებზე ვისაუბროთ ჩვენს პარტნიორებთან. ჩვენმა პარტნიორებმა, მათ შორის ალდეს წევრებმა, ძალიან კარგად იციან, რა მდგომარეობაა ქვეყანაში და, ამის გათვალისწინებით, ისინი ცდილობენ, ისეთი შეფასება მისცენ საქართველოში ვითარებას, რომ ქვეყანა არ დარჩეს პირისპირ რუსეთთან. ამიტომაც, მე მგონი, და ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს, კონკრეტული დათქმებით,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფი” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”საქართველოსთვის” წევრის, მიხეილ დაუშვილის განცხადებით, ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს და ევროპელი პარტნიორები საქართველოს რუსეთის პირისპირ არ დატოვებენ:
"სტატუსს ჩვენ მივიღებთ ჩვენი მოქალაქეებისა და იმის გამო, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები რუსეთთან პირისპირ არ დაგვტოვებენ,"- აღნიშნავს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”საქართველოსთვის” წევრი მიხეილ დაუშვილი.
„ალდე“ მოუწოდებს საქართველოს მთავრობასა და მმართველ პარტიას, სასწრაფოდ განახორციელონ რეფორმები 12 რეკომენდაციის შესასრულებლად, დაიცვან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციები, დაიწყონ ყოფილი პრეზიდენტის, სამკურნალო მიზნებით, ქვეყნიდან გადაყვანის პროცედურა, გააუქმონ შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები. სამ ქვეყანასთან წინასწარ შეთანხმებული რეზოლუცია, „ალდეს“ პარტიების საბჭოს სხდომაზე სერგო ჩიხლაძემ წარადგინა.