საქართველოს შესახებ „ალდეს“ რეზოლუცია პოლიტიკური ურთიერთბრალდებების თემაა.
რეზოლუცია "სტრატეგია აღმაშენებლის" ინიციირებით, ბუქარესტში მიმდინარე ალდეს პარტიების საბჭოზე მიიღეს.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მსგავსი რეზოლუციებით ოპოზიცია კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესის დაზიანებას ცდილობს.
"ჩვენ თვალს ვადევნებთ სისტემატურ მცდელობას, ჩვენი ქვეყანა დაზარალდეს იმგვარად, რომ არ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ეს არის ოპოზიციის განცხადებული კურსი. მათთვის, პოლიტიკურად, სასიცოცხლო მნიშვნელობის არის, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ისინი მხოლოდ მაშინ შეძლებენ პოლიტიკურ ზედაპირზე დარჩენას, თუკი საქართველოში იქნება რადიკალიზაცია, ქვეყანა არ მიიღებს კანდიდატის სტატუსს და იქნება რევოლუციური განწყობები. ამ მღვრიე წყალში მოძებნიან შესაბამის დასაყრდენს, რომლის იმედიც მათ, რა თქმა უნდა, არ უნდა ჰქონდეთ,"- აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი.
„ალდე“ მოუწოდებს საქართველოს მთავრობასა და მმართველ პარტიას, სასწრაფოდ განახორციელონ რეფორმები 12 რეკომენდაციის შესასრულებლად, დაიცვან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციები, დაიწყონ ყოფილი პრეზიდენტის სამკურნალო მიზნებით ქვეყნიდან გადაყვანის პროცედურა, გააუქმონ შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები. სამ ქვეყანასთან წინასწარ შეთანხმებული რეზოლუცია, ალდეს პარტიების საბჭოს სხდომაზე სერგო ჩიხლაძემ წარადგინა.