"ნაციონალური მოძრაობაში" რომ საკონსულტაციო ბორდი იქმნება, "კურიერს" დღეს კიდევ ერთხელ დაუდასტურეს "სტრატეგია აღმაშენებელში. პაატა მანჯგალაძე არც იმას გამორიცხავს, რომ ახალ ბორდში შევიდეს ნიკა გვარამია, თუმცა დეტალებზე საუბარი არ სურს.
"ჩვენ პირადად, გიორგი ვაშაძეს, ლევან ხაბეიშვილსა და გუნდს, გვაქვს სურვილი და გვინდა, რომ არა მხოლოდ პარტიასთან დაკავშირებული ადამიანები, არამედ, პარტიის გარეთ ავტორიტეტული, პროფესიონალი, პატრიოტი ადამიანები შემოვიკრიბოთ ჩვენ გარშემო. მაგრამ ეს იქნება არა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები, არამედ - ერთგვარი სათათბირო ორგანო - ამაზე ნამდვილად ვმუშაობთ. გამორიცხულია, "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებების ან სამდივნოს რევიზია მოხდეს.
რაც შეეხება ნიკა გვარამიას, ნიკა გვარამია არის პატრიოტი, პროფესიონალი ადამიანი და ძალიან კარგი იქნება, თუ ნიკა გვარამია იქნება ამ პროცესში," - აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ "კურიერთან" საუბრისას.
კეზერაშვილის ახალი სტრატეგია კი,"ნაციონალურ მოძრაობაში" ახალი დაპირისპირების მიზეზი ხდება. პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ ერთადერთი პირობა, რომელიც მას აქვს "ნაციონალურ მოძრაობასთან," არის არაფორმალური მმართველობის დასრულება. მელიას განცხადებები შეფასდა ენმ-ში. ანა წითლიძეს არ მიაჩნია, რომ მსგავსი გარჩევები და პოზიციები მიმდინარე პოლიტიკურ პროცესში მნიშვნელოვანია, რადგან, მისი თქმით, უფრო სხვა და ბევრი გამოწვევის წინაშე დგას.