მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ "შეკრებებისა და მანიფესტაციების" კანონზე ვეტოს უფლების გამოყენებით, სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანაში დესტაბილიზაცია წაახალისა. "ქართული ოცნება" პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ოპოზიციის გეგმებს უკავშირებს და ვეტოს დასაძლევად ემზადება.
დესტაბილიზაციის გეგმასთან დაკავშირებით, ბრალდებები უსაფუძვლოა "ნაციონალური მოძრაობისთვის". სააკაშვილის პარტიაში ერთის მხრივ ირწმუნებიან, რომ გადატრიალებას არავინ გეგმავს, მეორეს მხრივ კი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას იწონებენ.
პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს სრულად იზიარებს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები მმართველი გუნდისა და საგამოძიებო უწყებების მხრიდან, დესტაბილიზაციის გეგმის დამადასტურებელ. დამატებით მტკიცებულებებს ითხოვენ.
უმრავლესობაში განმარტავენ, რომ კანონპროექტში ცვლილებები დესტაბილიზაციის რეალური საფრთხის გათვალისწინებით მომზადდა და მისი მიზანი საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
ვეტოს დასაძლევად სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. "ქართულ ოცნებას" საკმარისი ხმები, ოპოზიციის დახმარების გარეშეც აქვს. ცვლილებების თანახმად, შეკრებისა და მანიფესტაციების დროს, დროებითი კონსტრუქციების მოწყობა რამდენიმე შემთხვევაში იკრძალება - თუ ის საფრთხეს უქმნის სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში, ან აფერხებს დაწესებულებების და ორგანიზაციების ფუნქციონირებას.