"პროტესტი და წინააღმდეგობა საქართველოში" - 31 ოქტომბერს ამ თემაზე თბილისში დისკუსიაა დაგეგმილი. ორგანიზატორი "ინდიგო" და ფრიდირიხ ებერტის ფონდია.
ოპოზიციაში რევოლუციურ სცენარებს უარყოფენ და ამბობენ, რომ სურვილის შემთხვევაში, საზოგადოება პროტესტს ყოველგვარი ტრენინგების გარეშეც გამოთქვამს.
"საქართველოს მოქალაქეებს თუ გაუჩნდათ სურვილი, რომ პროტესტი გამოხატონ, მერწმუნეთ, რომ ტრენინგები არაფერ შუაში არ არის, ეს შემიძლია გითხრათ ძალიან დარწმუნებით. ვერ გეტყვით ამ ტრენინგის შესახებ. მე მივესალმები ყველა იმ ტრენინგს თუ სემინარს, სადაც ადამიანების, მოქალაქეების პასუხისმგებლობის გაზრდაზეა საუბარი. სხვა შემთხვევაში, მოქალაქეებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს ნამდვილად არ სჭირდებათ სხვადასხვა ტრენინგები იმისთვის, რომ კონკრეტულად ან პროტესტი გამოხატონ ან საკუთარი აზრი,"- აცხადებს "ევროოპტიმისტების" წევრი ხატია დეკანოიძე.
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, პაატა მანჯგალაძის თქმით, არაძალადობრივ პროტესტზე უამრავი ლიტერატურა არსებობს და მმართველი გუნდის ლოგიკით, მაშინ ეს ყველაფერიც ასაკრძალია.
"სტუდენტებს უკითხავენ ლექციებს არაძალადობრივ პროტესტზე, მათ შორის, უამრავი ლიტერატურაა გამოცემული, მათ შორის, კიდევ ერთხელ ვამბობ, არაძალადობრივი წინააღმდეგობის ფორმებზე მაჰათმა განდის აქვს სერიოზული გამოცემა, სადაც საუბარია ამაზე, მაშინ ეს ყველაფერი უნდა ავკრძალოთ,"- აცხადებს პაატა მანჯგალაძე.