"ყველას მოვუწოდებ, დაასვენონ ეს ქვეყანა," - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 31 ოქტომბერს თბილისში დაგეგმილ დისკუსიას, რომლის თემაცაა "პროტესტი და წინააღმდეგობა საქართველოში". მისივე შეფასებით, შემაშფოთებელია, როდესაც რევოლუციის აქტუალიზაცია ხდება.
"რა თქმა უნდა, სათაური უკვე შემაშფოთებელია. როდესაც ვიღაც ახდენს რევოლუციის თემის აქტუალიზაციას და მით უმეტეს, როდესაც ეს ხდება უცხოური დაფინანსებით, ეს არის შემაშფოთებელი. ყველას მოვუწოდებ, დაასვენონ ეს ქვეყანა, უზრუნველყონ სიმშვიდე ამ ქვეყანაში და ნუ გადადგამენ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც სიმშვიდის დარღვევისკენაა მიმართული. ეს არის ჩვენი ძალიან მკაცრი მოწოდება," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს თბილისში დაგეგმილია დისკუსია, რომლის თემაცაა "პროტესტი და წინააღმდეგობა საქართველოში". დისკუსიის ორგანიზატორი "ინდიგო" და ფრიდირიხ ებერტის ფონდია.