ძალიან ბევრი ამერიკელი მაღალჩინოსანი, პირად საუბრებში, შეშფოთებას გამოთქვამს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ერთდროულად მიმდინარე კონფლიქტების გამო, - ამის შესახებ გამოცემა Axios წერს.
გამოცემის ცნობით, თეთრი სახლისთვის გასული კვირა ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი გამოდგა.
თავდაცვის ყოფილი მდივანი რობერტ გეიტსი აცხადებს, რომ ამერიკა დგას ყველაზე მწვავე კრიზისის წინაშე, რაც კი მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ყოფილა.
"საბოლოო ჯამში სიტუაციურ ოთახში მსოფლიოს ყველა პრობლემის მოგვარება 8-10 ადამიანს უწევს. ამ ადამიანების შესაძლებლობებსაც გარკვეული საზღვარი აქვს," - აცხადებს გეიტსი.
გამოცემა ასახელებს 5 კრიზისს, რომლებიც ჯამში შესაძლოა კიდევ უფრო დიდი კრიზისში გადაიზარდოს:
ისრაელის პასუხი "ჰამასის" თავდასხმაზე და მზარდი შიში, რომ ომი შესაძლოა ირანსა და მის მიღმაც გავრცელდეს;
ვლადიმირ პუტინის შეხვედრები ჩინეთში, რომელთა შედეგადაც რუსეთ-ჩინეთის ანტიამერიკული ალიანსი კიდევ უფრო გაძლიერდება;
ბოროტი განზრახვების მქონე ირანი - ოფიციალური პირები შიშობენ, რომ როდესაც ისრაელი ღაზაში შევა, ირანის მიერ დაფინანსებული და "ჰამასზე" უფრო ძლიერი "ჰეზბოლა" ისრაელზე მიიტანს იერიშს;
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი და შორი მანძილის რაკეტები, რომელთა ცდებსაც ის რეგულარულად ატარებს;
ახალი ტექნოლოგიები და "ფეიკ ვიდეოების" მასობრივი გავრცელება, რომელთა საშუალებითაც ადამიანების ემოციებით მანიპულირება ძალიან მარტივი გახდა.
ერთდროულად ამდენი საფრთხის არსებობა ემთხვევა მომენტს, როდესაც ამერიკული პოლიტიკური სისტემა თითქმის არ მუშაობს. გარდა იმისა, რომ რესპუბლიკელებს წარმომადგენელთა პალატაში თავმჯდომარე არ ჰყავთ და მას ვერ ირჩევენ, ქვეყანას ელოდება მორიგი ტოქსიკური საპრეზიდენტო არჩევნები.
დაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსნები Axios-თან საუბარში აცხადებენ, რომ შიდა მღელვარება ერთ-ერთი ყველაზე დიდი საშიშროებაა და ის შეიძლება გამოიწვიოს როგორც ტრამპის წინააღმდეგ სასამართლოების მიერ გამოტანილმა განაჩენებმა, ასევე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომთან დაკავშირებულმა პროტესტებმა.
"ყველა ზემოხსენებული პრობლემა ძალიან აწუხებს ოფიციალურ პირებს და მათ იციან, რომ სიტუაცია შეიძლება სწრაფად გაუარესდეს, რასაც სწრაფი და მტკიცე ქმედებები დასჭირდება. არავინ იცის, შეძლებს თუ არა კონგრესი ან საზოგადოება კრიტიკულ ვითარებაში გაერთიანებას," - წერს გამოცემა.