მურმან დუმბაძის შემდეგ, ”ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურ პარტნიორებს დღეს გუბაზ სანიკიძის პოზიციის განმარტებამ მოუწიათ. ”სტრატეგია აღმაშენებელში” შეეცადნენ, თანამოაზრის ნათქვამს ისე გამიჯვნოდნენ, რომ არც ერთობა დაეზიანებინათ.
ის, რაზეც გუბაზ სანიკიძე საუბრობს, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ეხება. ოპოზიციონერ დეპუტატს მიაჩნია, რომ სტატუსს საქართველოს მოსახლეობა არ იმსახურებს. რატომ ფიქრობს ასე - პასუხის მიღებას ”კურიერი” უშუალოდ ადრესატისგან შეეცადა, თუმცა გუბაზ სანიკიძემ დამატებითი კომენტარის გაკეთება აღარ ისურვა.
გუბაზ სანიკიძე ოპოზიციის უმცირესობაშია. პარტიებში ამბობენ, რომ თუ სანიკიძე რეალურად ფიქრობს, რომ ქვეყანა სტატუსს არ იმსახურებს, მაშინ მისი ადგილი ოპოზიციაში არაა.
გუბაზ სანიკიძის განცხადება სახელისუფლებო პარტიისთვის ცალკეული ოპოზიციონერის პოზიცია არაა - ”ქართულ ოცნებაში” მიაჩნიათ, რომ სწორედ ინდივიდუალური წევრების მეშვეობით ცდილობენ ოპონენტები საზოგადოებრივ აზრზე გავლენა მოახდინონ.
მმართველი პარტია პარტნიორების მხრიდან დადებითი გადაწყვეტილების მოლოდინშია. ”ქართულ ოცნებაში” აქცენტს იმაზე აკეთებენ, რომ, სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, პოზიტიური გზავნილები გაზრდილია.