ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელშია. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავარი მომხსენებელი იქნება პანელზე სახელწოდებით "სატრანსპორტო დერეფნები", რომელიც გლობალური ფორუმის ფარგლებში იმართება. ევროპა უსაფრთხო ენერგეტიკულ და სატრანზიტო გზებს ეძებს.
ერთ-ერთი ასეთი კარიბჭე კი, საქართველოა, რომელიც ევროკავშირისგან უახლოეს მომავალში კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ელოდება. ამიტომ, ირაკლი ღარიბაშვილის ბელგიაში ვიზიტი ამ მხრივაც არის მნიშვნელოვანი.
პირველი, ვისაც დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა, სწორედ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის კომისარი ოლივერ ვარჰეია.
ამიტომ, შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრეს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესზე. პრემიერ-მინისტრმა, კიდევ ერთხელ, გამოთქვა იმედი, რომ თბილისის ძალისხმევა სათანადოდ აისახება და ევროკომისია საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს.
"გლობალური კარიბჭის" ფორუმზე ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიიწვია.
სწორედ ევროკომისიისგან ელოდება საქართველო ნოემბრის დასაწყისში ანგარიშს საქართველოს პროგრესზე, რომელსაც მთავარი გავლენა ექნება უკვე დეკემბერში ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების გადაწყვეტილებაზე.
იმ ინფორმაციის თანახმად, რომელიც დღეს ბრიუსელში ვრცელდება, სავარაუდოდ, 8 ნოემბერს გასაჯაროვდება ევროკომისიის ანგარიში.