15 ნოემბერი 2024,   20:43
ვრცლად
შიდა გადატრიალებას როცა იწყებდნენ, ხაბეიშვილმა და სხვებმა, ერთხელ, ღამის 12:00 საათზე ჩაატარეს ბრიფინგი, გააღვიძეს ოპერატორები, ჟურნალისტები, არიქა, სააკაშვილი კვდებაო, რას აკეთებენ დღეს? - ნიკა მელია

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ნიკა მელია ამბობს, პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას ოპტიმალურ დროს მიიღებს.

ამასთან, როგორც მელია აცხადებს, რომ არ იქნება იქ, სადაც, მისი შეფასებით, "არის მავნე ძალა, რომელიც ცდილობს, "ქართული ოცნების" მრუდე, მავნე, სარკისებურ ანარეკლად იქცეს."

"მე მაქვს იმის შესაძლებლობა, უფლებაც და ფუფუნებაც, ვთქვა, რომ მივიღებ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მიმაჩნია სწორ გადაწყვეტილებად. 2013 წელს, ამ ბრძოლაში როდესაც შემოვედი, სხვა მიზნებით, სხვა ინტერესით შემოვედი და არა ვანო მერაბიშვილის თანამებრძოლეობის გამო. ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველას, ვინც ჩათვლის, რომ იმ ადამიანებთან უნდა იყვნენ, რომლებიც სიყალბით, თვალთმაქცობით კადრულობენ იმას, რასაც კადრულობენ და ივანიშვილის წისქვილზე დაასხეს წყალი. როდესაც სიმართლეს ამბობ, ბევრ ადამიანს სტკივა. ვიდრე აბასთუმანში გამოკეტილი ადამიანი მართავს სახელისუფლო პარტიას და საზოგადოებისგან იზოლირებული კეზერაშვილ-მერაბიშვილი მართავს "ნაციონალურ მოძრაობას," ყოველთვის გაიმარჯვებს აბასთუმანში გამოკეტილი ადამიანი. ვერ ვხედავ ღირებულებით კავშირს ამ ადამიანებთან, ეს არის მიტაცებული პარტია, რომელსაც განიხილავენ ბიზნეს პროექტად. არ ვაპირებთ, ვიყოთ იმ ადამიანებთან, ვინც არ ემსახურებიან ქართველ ხალხს. ხომ საუბრობენ, რომ ნიკა მელია წავა, რატომ ნერვიულობენ, თუ გავნულდებით და თუ არაფერი ჩვენ არ ვართ, რატომ ნერვიულობენ? მიხედონ საქმეს. ღამის 12:00 საათზე ჩაატარეს, ერთხელ, ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი, როცა იწყებდნენ ამ შიდა გადატრიალებას, მიხეილ სააკაშვილი კვდებაო, მგონი თქვენც გქონდათ ეთერში ეს ბრიფინგი შეყვანილი. ამ ბატონმა, ხაბეიშვილმა, და სხვებმა, ღამის 12:00 საათზე ბრიფინგი ჩაატარეს ცენტრალურ ოფისში, აყარეს, გააღვიძეს ოპერატორები, ჟურნალისტები, პროდუსერები, არიქა, მიხეილ სააკაშვილი კვდებაო, 12:00 საათზე ჩანიშნეს აქცია-ბრიფინგი, რას აკეთებენ დღეს? ესეც სიყალბეა. კი არ ატყუებენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ ადამიანებს. ალერგიულად ვრეაგირებ სიყალბეზე და ტყუილზე და ამას ვერ ავიტან ოჯახის წევრისგანაც. ჩემი გზა არის სიმართლისა და ღირსების გზა და ამ გზას არ გადავუხვევ," - განაცხადა ნიკა მელიამ.

დღის ამბები