"ქართული ოცნება" რეგიონებში პარტიულ კონფერენციებს განაგრძობს. მორიგი შეხვედრა დღეს სამტრედიაში გაიმართა, სადაც ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარედ, სამტრედიის მერი, დავით ბახტაძე აირჩიეს. კონფერენციაზე დასახელდნენ ბიუროს წევრებიც.
მათ ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ წარმატებები უსურვა.
"დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო მეტი ენთუზიაზმით გააგრძელებს საქმიანობას პარტიული კუთხითაც ისევე წარმატებით, როგორც ამას ახორციელებს მერობის ამპლუაში,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
დღესვე, კონფერენციები გაიმართება წყალტუბოსა და ხონში. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მათ მნიშვნელობაზე საუბრობს.
"მიზანი, ამ შემთხვევაშიც, არის პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელობის არჩევა, თავმჯდომარის ბიუროს წევრების არჩევა და გვაქვს საუბარი ყველა იმ თემაზე, რომელიც უკავშირდება ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს,“ - ამბობს ირაკლი კობახიძე.
კონფერენციას ესწრებოდა თბილისის მერი, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანი, კახა კალაძე.
"ვსაუბრობთ არსებულ გამოწვევებზე, განსახორციელებელ პროექტებზე, რომლებიც დაგეგმილია ხელისუფლების მხრიდან, გამოწვევები, რომლებიც აწუხებს ადგილობრივ მოსახლეობას და პარალელურად, მიმდინარეობს მზადება 2024 წლის არჩევნებისთვის. პარტიას სრული მზაობა აქვს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის,“ - ამბობს კახა კალაძე.