"სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე "ნაციონალურ მოძრაობაში" არსებულ დაპირისპირებასა და არაფორმალური მმართველების საკითხს გამოეხმაურა. ამასთან, ნიკა მელიას განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ შეურაცხმყოფელია, როცა 24 000 ადამიანს, რომელმაც ლევან ხაბეიშვილს მხარი დაუჭირა, "არაფორმალური მმართველების მარიონეტები" დაუძახო.
"მე, მაგალითად, შეურაცხყოფა მგონია 24 000 ადამიანს, რომელმაც ლევან ხაბეიშვილს მხარი დაუჭირა, ბნელები და არაფორმალური მმართველების მარიონეტები ეძახო. ვიღაცები ლაპარაკობენ, რომ მიხეილ სააკაშვილიც არაფორმალური მმართველია, სისულელე არ არის ამის ლაპარაკი და ტირაჟირება?! ის, რომ ეს თემა ლამის ერთი წელია გრძელდება, არ ეხმარება ხელისუფლების ჩამოშორების ამოცანას," - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ცნობისთვის, ნიკა მელია პარტიის ახალ მენეჯმენტს პირობას უყენებს, თუ კეზერაშვილისა და მერაბიშვილის არაფორმალურ მმართველობას "ნაციონალური მოძრაობა" არ გაემიჯნება, ის პოლიტიკური მოძრაობიდან წასვლის გადაწყვეტილებას ოპტიმალურ დროს მიიღებს. "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ ჩრდილოვანმა მმართველობამ პარტიას ამომრჩეველი დააკარგვინა, მათ შორის, არაფერი გაუკეთებიათ სააკაშვილის ციხიდან დასახსნელად, რაც ახალი მენეჯმენტის მთავარი პირობა იყო.