"გლობალური კარიბჭე 2023" ოფიციალურად უკვე გაიხსნა. 2-დღიანი ფორუმის ფარგლებში, მოეწყობა სხვადასხვა თემატური პანელი. ერთ-ერთი "სატრანსპორტო დერეფნებია", სადაც მთავარი მომხსენებელი საქართველოს პრემიერ-მინისტრი იქნება. "გლობალური კარიბჭე" ევროპული სტრატეგიაა, რომელიც მიზნად ისახავს უსაფრთხო კავშირების გაუმჯობესებას ციფრულ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო სექტორებში.
ფორუმის ფარგლებში, 300 მილიარდამდე ევროს მობილიზება იგეგმება. ირაკლი ღარიბაშვილი ფორუმში მონაწილეობის მისაღებად, ევროკომისიის პრეზიდენტმა - ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიიწვია. ოფიციალური ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი წარადგენს საქართველოს პოზიციას, როგორ ხედავს ქვეყანა მომავალში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას
"ჩვენ, არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი საფლაგმანო პროექტები გვაქვს ევროკავშირთან, რომელიც ფიზიკურად აახლოებს საქართველოს, რომელიც კიდევ უფრო აუმჯობესებს ჩვენს კავშირს ევროკავშირთან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, როგორც ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი წარმოაჩენს საქართველოს ხედვას, თუ როგორ გვესახება ჩვენ მომავალში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება იმისთვის, რომ საქართველოს კიდევ უფრო დაახლოვდეს ფიზიკურად ევროკავშირთან,"-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.