„გლობალური კარიბჭე“ არის 300 მილიონი ევროს ოდენობის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მწვანე ინფრასტრუქტურის დაფინანსებასა და მშენებლობას. „გლობალურ კარიბჭეს“ აქვს იმის მასშტაბი, რომ ცვლილებები განახორციელოს. ის წარმოადგენს ახალ მიდგომას დიდი ინფრასტრუქტურული პროექტებისადმი, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, „გლობალური კარიბჭის“ ფორუმის გახსნაზე განაცხადა.
ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, „გლობალური კარიბჭე“ გულისხმობს ქვეყნებისთვის უკეთესი არჩევანის მიცემას.
„ჩვენ აქ ვართ, რომ ერთად წინ ვიმოძრაოთ, რადგან ბოლო წლებში ხშირად იგრძნობოდა, თითქოს მსოფლიომ უკან გადადგა ნაბიჯი. ჩვენ ვიცით, რომ 18 დღის წინ „ჰამასის“ მიერ ისრაელზე საშინელმა თავდასხმამ რეგიონში მეტი კონფლიქტი და ტანჯვა გამოიწვია; რუსეთს გაჩაღებული აქვს აგრესიული იმპერიალისტური ომი მისი უფრო პატარა, დემოკრატიული მეზობლის, უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ ვიმყოფებით კლიმატურ კრიზისში, ჯერ კიდევ აღდგენის პროცესში ვართ პანდემიის შემდეგ, რომელმაც წაგვართვა ადამიანების სიცოცხლე, დააზარალა საარსებო რესურსები და ვაჭრობა. ეს არის დიდი გამოწვევები, რომლებიც ყველას გვეხება და ჩვენს თანამშრომლობას მოითხოვს. ამ და მომავალი თაობების ბედი, როგორც არასდროს, დამოკიდებულია ჩვენი დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის ხარისხსა და რაოდენობაზე, ინვესტიციებზე ხელმისაწვდომ სუფთა ენერგეტიკაში, ციფრულ ინფრასტრუქტურაში, ინვესტიციებზე, რათა უკეთესად აღვჭურვოთ ჩვენი სამუშაო კადრები ისეთი უნარებით, რომლებიც შეესაბამება ხვალინდელი დღის სამუშაო ადგილებს. სწორედ ამიტომ, ევროპამ წარადგინა ევროპის უდიდესი საინვესტიციო პროგრამა. როგორც იცით, ჩვენ მას „გლობალურ კარიბჭეს“ ვუწოდებთ – ეს არის 300 მილიონი ევროს ოდენობის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მწვანე ინფრასტრუქტურის დაფინანსებასა და მშენებლობას. „გლობალურ კარიბჭეს“ აქვს იმის მასშტაბი, რომ ცვლილებები განახორციელოს. ის წარმოადგენს ახალ მიდგომას დიდი ინფრასტრუქტურული პროექტებისადმი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ „გლობალური კარიბჭე“ გულისხმობს ქვეყნებისთვის უკეთესი არჩევანის მიცემას, რადგან მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის ინვესტიციების ვარიანტები არა მხოლოდ შეზღუდულია, არამედ ზოგჯერ დიდი საფასურიც ჯდება. ზოგჯერ ამ საფასურის გადახდა ბუნებას უწევს, ზოგჯერ – დასაქმებულებს, რომლებსაც ეზღუდებათ უფლებები, ზოგჯერ უცხოელი დასაქმებულების ჩაყვანას ითვალისწინებს, ზოგჯერ კი საფრთხე ექმნება ეროვნულ სუვერენიტეტს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, ევროპაში მკაფიო სტრატეგიული ინტერესი აქვთ, გააერთიანონ ძალები გლობალური გამოწვევების გადასალახად.
„არცერთი ქვეყანა არ უნდა აღმოჩნდეს ისეთი ვითარების წინაშე, როდესაც არსებითი ინფრსტრუქტურის დაფინანსების ერთადერთი ვარიანტი მისი მომავლის გაყიდვაა. ჩვენ ევროპაში გვაქვს მკაფიო სტრატეგიული ინტერესი, გავაერთიანოთ ძალები გლობალური გამოწვევების გადასალახად. გლობალური გამოწვევები კი არის – ვირუსი, რომელმაც საზღვრები არ იცის, კლიმატურმა ცვლილებებმა საზღვრები არ იცის და იგივე ეხება ტერორიზმის შედეგებსა და ომს. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი უსაფრთხოება თქვენს უსაფრთხოებაზეა დამყარებული და პირიქით. ჩვენი კონკურენტუნარიანობა იზრდება, როდესაც თქვენი ეკონომიკები იზრდება და ვითარდება. ჩვენი მედეგობა უფრო მტკიცეა, როდესაც თქვენ, ჩვენი მეგობრები ასევე უფრო მედეგები ხართ, მაშინ ჩვენ, ყველა ვიმარჯვებთ. სწორედ ამიტომ ევროპამ აირჩია, უფრო ახლოს იყოს თავის პარტნიორებთან. „გლობალური კარიბჭის“ დაარსებიდან ორი წლის თავზე ჩვენ ვხედავთ პოზიტიურ შედეგებს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაეინმა.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა პარტნიორებთან თანამშრომლობის რამდენიმე მაგალითი ჩამოთვალა, რომელთა შორის შავ ზღვაში საქართველოსა და ევროკავშირის დამაკავშირბელი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანა დაასახელა.
„მხოლოდ წელს ჩვენი მუშაობა ფოკუსირებულია დაახლოებით 90 ფლაგმანურ პროექტზე. მაგალითად, ჩვენ დავიწყეთ თანამშრომლობა ჩვენს მეგობრებთან ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზში, ვისაც სურს, გაერთიანდეს ვაქცინებისა და მედიკამენტების საკითხზე მუშაობისას. ბანგლადეშსა და ვიეტნამში ჩვენ დავიწყეთ პროექტები მზის, ქარისა და წყლის ენერგეტიკის სფეროში, რისი ღირებულებაც, ჯამში, ერთ მილიარდ ევროს აღემატება. ჩვენ გაგვყავს ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტკაბელები შავ ზღვაში საქართველომდე და ცენტრალურ აზიამდე, ჩვენ ვაკავშირებთ რკინიგზებს და ელექტროქსელებს დასავლეთ ბალკანეთში, მოლდოვასა და უკრაინაში, რათა ისინი დავაახლოოთ ჩვენს ერთიან ბაზართან“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის მიერ ორგანიზებულ ფორუმში – „გლობალური კარიბჭის ფორუმი 2023“, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც მონაწილეობს.