15 ნოემბერი 2024,   20:00
ვრცლად
"თორმეტივე რეკომენდაციას ვუპასუხეთ და რაც შესაძლებელი იყო, მაქსიმალურად მოკლე პერიოდში შევასრულეთ" - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველომ ევროკავშირის 12-ვე რეკომენდაცია მაქსიმალურად მოკლე დროში შეასრულა, თუმცა ამ პროცესში ბევრი ხელისშემშლელი გარემოება არსებობდა.

ღარიბაშვილის თქმით, ოპოზიციის მხრიდან შექმნილი იყო ხელოვნური ბარიერები და საბოტაჟი.

"საქართველომ ძალიან გამჭვირვალე პროცესი განახორციელა, თორმეტივე რეკომენდაციას ვუპასუხეთ და რაც შესაძლებელი იყო, მაქსიმალურად მოკლე პერიოდში შევასრულეთ. ეს პროცესი იყო ძალიან გამჭვირვალე, ღია. სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ არსებობდა ძალიან ბევრი ხელისშემშლელი გარემოება, ძალიან ბევრი საბოტაჟი, თუ ბევრი ხელოვნური ბარიერი იქნა შექმნილი ოპოზიციის მხრიდან, მაგრამ საბოლოო ჯამში დღეს ვართ ამ მდგომარეობაში, არ მინდა, წინასწარ გავასწრო მოვლენებს და რაიმე დავაანონსო, მაგრამ ჩემი მოლოდინი არის შემდეგი – ვითვალისწინებ რა ჩვენ მიერ გაკეთებულ საქმეებს, ასევე, გეოპოლიტიკურ ვითარებას, რომელიც შექმნილია მსოფლიოში, აგრეთვე, ვითვალისწინებთ რა იმ პრეცედენტებს, რომლებიც შეიქმნა, შარშან მოლდოვას მისცეს კანდიდატის სტატუსი, უკრაინას, ბოსნია-ჰერცეგოვინას, რომელთაც საკმაოდ დიდი ჩამორჩენა ჰქონდათ და დღესაც აქვთ საქართველოსთან შედარებით, დიდი ოპტიმიზმით ველოდები ჯერ რვა ნოემბრის გადაწყვეტილებას და შემდეგ უკვე დეკემბერში იქნება საბოლოო გადაწყვეტილება. არ მინდა, ამაზე მეტი ვუთხრა ჩვენს ხალხს. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დაველოდოთ ევროპელი კოლეგების გადაწყვეტილებას,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები