"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ბაჩო დოლიძის განცხადებით, სანამ ნიკა მელია და მისი მომხრეები პარტიას დატოვებენ, მანამდე გარკვეული ეტაპებია გასავლელი და ვიღაცის მოუთმენლობას ვერ აყვებიან, რადგან მისი თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია.
როგორც ბაჩო დოლიძემ "ღამის კურიერის" ეთერში განმარტა, მათი გადაწყვეტილება რეგიონული შეხვედრების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, მანამდე კი, მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა მოუწევთ.
"სწორად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, გვაქვს კონკრეტული ნაბიჯები გადასადგმელი. ჩვენ ძალიან ბევრ ჩვენს თანამოაზრეს ვხვდებით, რომელთა აზრი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მანამ, სანამ რაიმე ტიპის გადაწყვეტილებას მივიღებთ. შესაბამისად, ამ ყველაფერს თავისი ეტაპები აქვს, კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი და ამ თვალსაზრისით, ნამდვილად ვერ ავყვებით ვიღაცის მოუთმენლობას. ვიღაცას ეჩქარება, ვიღაცას არ ეჩქარება, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი. ჩვენ გვაქვს დაგეგმილი რეგიონული შეხვედრები და ამ ყველაფრის შემდეგ მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რა გადაწყვეტილებაც უნდა მივიღოთ.
მე ამას არ დავარქმევდი გამოყოფას, ამას დავარქმევდი ბრძოლის გაგრძელებას, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი სხვაობაა. ვიღაცისთვის ეს არის გამოყოფა, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან, ეს არის ბრძოლაში ჩართვა იმ ადამიანების, რომლებსაც სამწუხაროდ, უარი უთხრეს კონკრეტულად ყოფილიყვნენ ჩართულები ამ პროცესში და თამაშგარე მდგომარეობაში დატოვეს უამრავი ადამიანი, რომლებსაც ჰქონდათ განსხვავებული აზრი. სწორედ ის ადამიანები, რომლებიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იბრძოდნენ და გვერდში ედგნენ პარტიას. რეალურად, პარტია ამ ადამიანებზე იდგა", - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.