ორი "ნაცი", სამი "ნაცი" თუ ასი "ნაცი" ერთმანეთს რაზე შეხვდება აწი, აღარ არის მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ქალბატონმა სალომემ აირჩია გზა რომელსაც ეწოდება ნაცმოძრაობის გზა, ის არის უკვე ნაცმოძრაობის პრეზიდენტი, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძეს დაუსვეს კითხვა იმის შესახებ, თუ რას ემსახურება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეხვედრები ოპოზიციის წარმომადგენლებთან, დიპლომატებთან და რა სამომავლო გეგმები შეიძლება ჰქონდეს მას.
როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ზურაბიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტია, შესაბამისად, აღარ არის საინტერესო, რაზე ხვდება თავის პოლიტიკურ თანამოაზრეებს.
"უკვე ეს კითხვა შეგვიძლია განვიხილოთ ისე, რას ემსახურება ხაბეიშვილის და რომელიღაც მეორე "ნაცის" შეხვედრები ერთმანეთთან. რას ემსახურება და კოორდინაციას, შიდა პარტიულ მავნებლურ გეგმებს და მის განხორციელებას. სალომე ზურაბიშვილის შეხვედრები "ნაცებთან" აღარ არის უკვე პრეზიდენტის და "ნაცების" [შეხვედრა]. ორი "ნაცი", სამი "ნაცი" თუ ასი "ნაცი" ერთმანეთს რაზე შეხვდება აწი, აღარ არის მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ქალბატონმა სალომემ აირჩია გზა რომელსაც ეწოდება ნაცმოძრაობის გზა, ის არის უკვე ნაცმოძრაობის პრეზიდენტი. ჩვენგან, ანუ, ქართველი ხალხის უმრავლესობისგან, მას ლეგიტიმაცია არ აქვს. ხალხის არჩეულმა უმრავლესობამ მას უთხრა უარი იმ გეგმებზე რასაც აკეთებს, შესაბამისად, დღეს არის "ნაცმოძრაობის" პრეზიდენტი და თავის თანამოაზრეებს და პოლიტიკურ თანამებრძოლებს რაზე ხვდება, უკვე აღარ არის საინტერესო," - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.