ჩვენ სრულ შესაბამისობაში ვმუშაობთ ჩვენს მეგობრებთან ევროკავშირიდან. ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას, მიენიჭოს თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი, რაც ქვეყანას გაუხსნის დაფინანსებასა და ტექნიკურ დახმარებაზე წვდომას, - ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს ო’ბრაიენმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა.
სხდომაზე განიხილებოდა სახელმწიფო დეპარტამენტის სტრატეგია შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ამერიკელმა სენატორებმა, ჯეიმს ობრაიენისგან მოისმინეს, რა გეგმები აქვს ვაშინგტონს, შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური, უსაფრთხოებისა და დემოკრატიული პროცესების ხელშესაწყობად.
"საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და რუსეთი ახლა ცდილობს ეს ტერიტორია სამხედრო პროექციის ბაზად გამოიყენოს. ეს ის არის, რასაც ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით. ქართველი ხალხის 85-90%-ს სურს იყოს კანონმორჩილი საზოგადოების ნაწილი, მათ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება. სურთ, ძალიან ახლოს იყვნენ შეერთებულ შტატებთან. საკითხავია, ბიზნესების მცირე ჯგუფი და სხვები, რომლებსაც აქვთ გარკვეული პოლიტიკური გავლენა, ამჯობინებენ თუ არა რუსეთსა და დასავლეთს შორის, რუხ ზონად ყოფნას. ასე რომ, ჩვენი გამოწვევაა, მივუთითოთ ხალხს ყოველ ჯერზე: ახლა არის გარდამტეხი წერტილი, როცა გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული. ამიტომ, ჩვენ დავაწესეთ გარკვეული სანქციები და წამოვაყენეთ გარკვეული მოთხოვნები რეფორმებთან დაკავშირებით.
ჩვენ სრულად ვმუშაობთ ჩვენს მეგობრებთან ევროკავშირიდან. ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას, მიენიჭოს თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი, რაც საქართველოს გაუხსნის დაფინანსებასა და ტექნიკურ დახმარებაზე წვდომას. ჩვენ ვთქვით, რომ არის მთელი რიგი ღონისძიებების კომპლექსი, რომელიც საქართველომ უნდა გაატაროს იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს. რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას ჩვენ არ ვიღებთ, მაგრამ ვიყენებთ ჩვენს შესაძლებლობებს იმისთვის, რომ ამ პროცესს მხარი დავუჭიროთ.შეერთებული შტატები, 2024 წლის არჩევნებისთვის, გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის გაგზავნის გადაწყვეტილებამდე, გაეროს პირველად მოხსენებას დაელოდება. ეს „გვეტყვის, როგორი უნდა იყოს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია. შემდეგ, ჩვენ ვიმუშავებთ საქართველოს ხელისუფლებასთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს არჩევნები იქნება მაქსიმალურად თავისუფალი და სამართლიანი, ჩვენი შესანიშნავი პარტნიორების, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების, რაც მთავარია, ქართველი ხალხის დახმარებით," - განაცხადა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯეიმს ობრაიენმა.
საქართველოს შესახებ ისაუბრა ჯინ შაჰინმა. დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა შესავალ სიტყვაშივე თქვა, რომ საქართველო რეგიონში „პუტინის რევანშისტული პოლიტიკის" პირველი სამიზნე იყო.
"საქართველო, რა თქმა უნდა, იყო რეგიონში პუტინის რევანშისტული პოლიტიკის პირველი სამიზნე, მაგრამ სამწუხაროდ, არა უკანასკნელი. შავი ზღვის რეგიონი, ვლადიმირ პუტინისთვის ფოკუსის კრიტიკულ ზონად იქცა, რამდენადაც ის ახორციელებს თავის აგრესიულ დღის წესრიგს. 2008 წელს, პუტინმა განახორციელა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ანექსია, რადგან საქართველო დემოკრატიის გზაზე წინ მიიწევდა. შავი ზღვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან პუტინი მას თავის ორბიტაზე ხედავს. რუსეთში ზოგი მას საკუთარ ტბადაც კი მოიხსენიებს. შავი ზღვის რეგიონი ასევე მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ შავ ზღვაში ასევე არის ნატოს არაწევრი სამი და ორი ასპირანტი ქვეყანა. მათთვის შავი ზღვა კრიტიკული ეკონომიკური დამაკავშირებელია და როცა რუსეთის ქცევა შეუმჩნეველი ან უკონტროლო ხდება, ეს გავლენას ახდენს მათ უსაფრთხოებაზე და ეკონომიკებზე," - აცხადებს სენატორი ჯინ შაჰინი.
ოკუპირებულ აფხაზეთში საზღვაო ბაზის განთავსების შესახებ მოსკოვის განცხადებას გამოეხმაურა რესპუბლიკელი სენატორი პიტ რიკეტსი. მისი თქმით, საქართველომ ცალსახად უნდა უარყოს, მის სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის ძალაუფლების თამაში.