საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რობინ დანიგანმა, აბრეშუმის გზის ფორუმის დაწყებამდე საქართველოს გაზრდილი როლის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, განვითარების მხარდაჭერა უფრო უნდა გაძლიერდეს, რადგან ცხადია შუა დერეფნის ნამდვილი ღირებულება და მასში საქართველოს როლი.
"მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები ფორუმზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი მასპინძლობს. ფორუმში ძლიერი ჩართულობაა შეერთებული შტატებიდან, ჩვენი კომპანიებიდან და ჩვენი საერთაშორისო განვითარების სააგენტოდან. როდესაც ახალგაზრდა დიპლომატი ვიყავი, საქართველოსთან ერთად ვმუშაობდი ბაქო თბილისი ჯეიჰანის მილსადენის პროექტის განხორციელებაში. გასაოცარია, რომ დღეს აქ დავბრუნდი და ვხედავ, თუ რა მიაღწია საქართველომ შუა დერეფნის განვითარებაში, რას მიაღწია თქვენს გზებთან, რკინიგზასთან და პორტებთან მიმართებით. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ამ განვითარების მხარდაჭერა და მასში მონაწილეობა, რადგან ვიცით შუა დერეფნის ნამდვილი ღირებულება და საქართველოს როლი მასში. ვფიქრობ, რომ ეს ფორუმი აბსოლუტურად აუცილებელია იმისათვის, რომ გაერთიანდეს კერძო და საჯარო სექტორი, შუა დერეფნის ქვეყნების ლიდერები, რათა დავეხმაროთ მათ ამ მნიშვნელოვანი სატრანზიტო გზის განვითარებაში", - განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა.