საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მმართველმა გუნდმა, გასული ათწლეულის განმავლობაში, მოახერხა საქართველო ბიზნესის კეთების ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად ექსია მსოფლიოში.
როგორც პრემიერ-მინისტრმა, ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს განმარტა, მთავრობის ფუნდამენტური ფილოსოფია, მშვიდობის, ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფა და სტაბილურობის შენარჩუნებაა.
"გასული ათწლეულის განმავლობაში მოვახერხეთ საქართველო ბიზნესის კეთების ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად გვექცია მსოფლიოში. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველო მე-3 ადგილზეა ყველაზე ნაკლები საგადასახადო წნეხის მქონე ქვეყნებს შორის 9.9 პროცენტიანი საშუალო საგადასახადო განაკვეთით. მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის შესახებ უახლესი ანგარიშის თანახმად, საქართველო მე-7 ქვეყანაა მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივის ნიშნით. ჩემი მთავრობის ფუნდამენტური ფილოსოფია - როგორც უკვე ვახსენე - არის მშვიდობის, ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფა და სტაბილურობის შენარჩუნება.
საქართველოს ეკონომიკა 2021 და 2022 წლებში აღდგა ორნიშნა – 10-პროცენტიანი – ზრდის ტემპით. ჩემმა მთავრობამ 2023 წელსაც შეინარჩუნა ეს პოზიტიური ზრდის ტენდენცია, რომლის დროსაც 7-პროცენტიანი საშუალო ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა პირველ რვა თვეში, ხოლო ინფლაციის მაჩვენებელი 1 პროცენტზე ნაკლებია.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, საქართველო, სავარაუდოდ, შეინარჩუნებს ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის სტატუსს საშუალოვადიან პერიოდში. საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნის სტატუსს მივაღწიეთ და მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ერთ სულ მოსახლეზე გავზარდეთ 2023 წლის ბოლოსთვის მოსალოდნელ 8000 აშშ დოლარამდე. გარდა ამისა, მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, ხოლო უმუშევრობისა და სიღარიბის მაჩვენებლები ისტორიულ მინიმუმზეა.
შემთხვევითი არ არის, რომ ზოგიერთი ყველაზე ავტორიტეტული ფინანსური ორგანიზაცია საქართველოს მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ, მაღალი რანგის ქვეყნებს შორის მოიაზრებს. „World Justice“ პროექტის „სამართლის უზენაესობის ინდექსის“ მიხედვით, საქართველო 2023 წელს პირველ ადგილს იკავებს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში; 2021 წლის „ღია ბიუჯეტის კვლევის“ მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობის მხრივაც პირველ ადგილზეა საქართველო; „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ „გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშში“ საქართველომ ევროკავშირისა და ნატოს ბევრ წევრ სახელმწიფოს გადაუსწრო მთავრობის ეფექტურობის კატეგორიაში; „Fraser Institute“-ის „მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების ანგარიშის“ მიხედვით, საქართველო პირველ 25-ეულშია; „Heritage Foundation“-ის ეკონომიკური თავისუფლების 2023 წლის ინდექსით, საქართველო 21-ე ადგილზეა ევროპაში და წინ უსწრებს ევროკავშირის 11 წევრ სახელმწიფოს, ხოლო 35-ე ადგილზეა მსოფლიოს მასშტაბით; ბოლოს არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტი მინდა მოვიყვანო,Crime Index საქართველოს 2023 წელს მოიაზრებს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად.
ჩვენ მე-8 ადგილზე ვართ ევროპაში, ხოლო მე-18 ადგილზე – მსოფლიოში. შარშან შევიმუშავეთ "ხედვა 2030“ − საქართველოს განვითარების სტრატეგია, რომელიც ყოვლისმომცველ ეროვნულ პოლიტიკის დოკუმენტს წარმოადგენს.. ხსენებული სტრატეგია მიზნად ისახავს საქართველოში მდგრადი ეკონომიკური ზრდის, სოციალური თანასწორობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის ხელშეწყობას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.