საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებებზე ოპოზიციურ სპექტრში შეფასებები გრძელდება. ოპოზიცია კი ამბობს, რომ ელჩს, სავარაუდოდ, ინფორმაცია არ აქვს. საუბარია ჰერჩინსკის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა, რომ ჯოზეფ ბორელის ვიზიტის შემდეგ, საქართველოში ბევრ პოზიტიურ განვითარებას ჰქონდა ადგილი, მათ შორის ელჩი ასახელებს "მაუწყებლობის შესახებ" კანონზე მუშაობას, ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებასთან გაფორმდა.
"გირჩის" წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის შეფასებით, ევროკავშირის ელჩის განცხადებები მკაფიო არ იყო.
"სიტყვის თავისუფლებას უფრო მეტად ვაფასებ, ვიდრე ნებისმიერი დიპლომატისა თუ მთავრობის პოზიციას. ამიტომ საერთოდ არ ვაპირებ ამის გამო ჩემი პოზიციის შეცვლას.
თვითონ განცხადება არ იყო ძალიან მკაფიო - ერთია რაღაც პროცესით იყო კმაყოფილი, მეორეა - შედეგი. ეს ორაზროვნება მინდა რომ აღმოიფხვრას, ამიტომ ვეცდები ევროპელი დიპლომატებისგან პასუხი მივიღო," - აღნიშნა "გირჩის" წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ბეჟაშვილის შეფასებით კი, "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებები კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აყენებს მასმედიის წარმომადგენლებს და მარეგულირებელ კომისიას აძლევს სადამსჯელო ფუნქციას." მისივე თქმით, აღნიშნულ ცვლილებებს ოპოზიცია გმობს და მოუწოდებენ პრეზიდენტს ვეტოს უფლება გამოიყენოს.