15 ნოემბერი 2024,   19:44
ვრცლად
"მოქალაქეების" წევრი, ქეთევან თურაზაშვილი გორში საპენსიო სესხებით დაზარალებულ 300-მდე პენსიონერს შეხვდა

პარტია "მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი ქეთევან თურაზაშვილი, საპენსიო სესხებით დაზარალებულ 300-მდე პენსიონერს გორში შეხვდა. შეხვედრა გუნდის იურისტების მონაწილეობით შედგა. დეპუტატმა პენსიონერებს გააცნო გამოსავლის გზები - თუ როგორ უნდა მოხდეს პანდემიის დროს გახანგრძლივებული ვალების ძველ ჩარჩოში დაბრუნება და განულება. საპენსიო სესხებით დაზარალებულ პენსიონერებთან ერთად, ელისაშვილის პარტიის წევრებმა ლიბერთი ბანკის გორის ფილიალს წერილობითაც მიმართეს.

შეხვედრის მიზანი იმ პენსიონერების დახმარებაა, რომლებსაც ბანკმა საკუთარი ინიციატივით და პენსიონერების თანხმობის გარეშე, ე.წ. საშეღავათო პერიოდი მისცა და კოვიდ პანდემიის დროს თვითნებურად გაუხანგრძლივა სესხის ვადა და აქედან გამომდინარე სესხის ოდენობა.

საუბარია აგრეთვე ე.წ. ოვერდრაფტების მქონე პენსიონერებზეც. უკვე არსებობს არაერთი პრეცედენტი, რომ პარტია "მოქალაქეების" ჩართულობით მოხერხდა სესხის პირვანდელ ვადასა და ოდენობაში დაბრუნება და დასრულება (განულება).

უკვე შედგა ანალოგიური შეხვედრები თბილისსა და ქუთაისში. თბილისში გამართული შეხვედრის შემდეგ ბანკში 300-მდე პენსიონერის წერილი შევიდა, ქუთაისში გამართული შეხვედრის შემდეგ კი საპარლამენტო ჯგუფ მოქალაქეები და დეპუტატ ქეთევან თურაზაშვილის დახმარებით 500-მდე განაცხადი მომზადდა, გორში გამართული შეხვედრისას ბანკს 200-მდე განცხადებით მიმართეს.

პენსიონერების ნაწილი ითხოვს სესხის პროცენტის შემცირებას, გადახდის გრაფიკის ცვლილების გარეშე.

დღის ამბები