საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებებს, "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე გამოეხმაურა.
მისი თქმით, "როგორც ყოველთვის, ახლაც, ოპოზიციამ ის ტყვია გაისროლა, რომელიც, სხვათა შორის, არსენალში უთავდება, რადგან რამდენჯერაც გაისროლეს, იმდენჯერ ფუჭი გასროლა გამოუვიდათ."
სამხარაძის თქმითვე, ამ შემთხვევაშიც, საერთოდ აცდენილი არიან რეალობას, რადგან აღნიშნული კანონპროექტი ევროკომისიასთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით დაიწერა.
"ფაქტობრივად, ყოველ სამ დღეში იყო აზრთა გაცვლა-გამოცვლა. ეს კანონპროექტი დაეყრდნო ევროკავშირის დირექტივას, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში მუშაობს. ამ შემთხვევაშიც, ნათელი იყო, რომ ევროკავშირის რომელიმე წარმომადგენელი გამოვიდოდა და იტყოდა, რაც ასეც მოხდა. ოპოზიციას თავისი სტრატეგია ძალიან არასწორად აქვს შერჩეული და ყოველ ჯერზე მარცხდება უაზრო ქმედებებით. ჩვენთვის ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს და არც პრობლემებს გვიქმნის, მთავარია, იმ გზაზე ვიაროთ, რომელიც დასახული გვაქვს," - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ გუშინ განაცხადა: "გასული კვირების განმავლობაში, განსაკუთრებით ჯოზეფ ბორელის ვიზიტის შემდეგ, ცხადად არის ბევრი დადებითი მოვლენა, მათ შორის "მაუწყებლობის კანონზე“ მუშაობა."