საქართველო კანონის უზენაესობის ინდექსით დაწინაურდა. იმას, რისთვისაც "ქართული ოცნების" ხელისუფლებას ოპონენტები ყველაზე ხშირად აკრიტიკებდნენ, საერთაშორისო კვლევის თანახმად, აღმოჩნდა, რომ ქვეყანა თავს წარმატებით ართმევს. კორუფციის არარსებობა, ღია მმართველობა, მმართველობის ზომიერება, ფუნდამენტური უფლებები, წესრიგი და უსაფრთხოება, ნორმატიული სამართალწარმოება, სისხლის სამართლებრივი და სამოქალაქო მართლმსაჯულება - ყველა ამ კრიტერიუმში, საქართველო დაწინაურებულია და მსოფლიოს საუკეთესო 50 ქვეყანას შორისაა დასახელებული, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში კი პირველ ადგილზეა.
კვლევების შედეგი ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების კიდევ ერთი აღიარებაა მმართველი გუნდისთვის. "ქართული ოცნების" ლიდერები აქცენტს ბოლო წლებში განხორციელებულ რეფორმებზე აკეთებენ.
ოპოზიციის შეფასებები საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს ნებისმიერ დაწინაურებაზე უცვლელია. ხელისუფლების ოპონენტებს ავტორიტეტული ორგანიზაციების კვლევების არ სჯერათ და აცხადებენ, რომ რეალობა განსხვავებულია.
სახელისუფლებო გუნდი კი აცხადებს, რომ მართლმსაჯულების სისტემაში რეფორმამ და საერთაშორისო აღიარებამ ოპონენტების სპეკულაციებს ბოლო მოუღო.