15 ნოემბერი 2024,   20:03
ვრცლად
არასამთავრობოების ნაწილი, ოპოზიციასთან ერთად საქართველოს ევროპულ გზაზე წინსვლის საბოტაჟს ახდენდა - რატი იონათამიშვილი სულხან სალაძის განცხადებაზე

"ქართული ოცნება" სულხან სალაძის განცხადებას, რომ სტატუსის მიღება ოპოზიციას რთულ მდგომარეობაში ჩააყენებს, არასამთავრობო სექტორის აღიარებად აფასებს. უმრავლესობის განცხადებით, არასამთავრობოების ნაწილი ოპოზიციასთან ერთად ცდილობდა საქართველოს ევროპულ გზაზე წინსვლის დაზიანებას.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის რატი იონათამიშვილის განმარტებით, ოპოზიცია სრულ სასოწარკვეთაშია, რადგან ხვდებიან, რომ ინსტრუმენტი, რომელიც მათ დესტაბილიზაციისთვის ჰქონდათ, ხელიდან ეცლებათ.

"ე.წ. არასამთავრობო ნაწილი, რომელიც შემადგენელია პოლიტიკური ძალის და რადიკალური ოპოზიციის, თითოეული მათგანი ცდილობდა საქართველოს ევროპულ გზაზე წინსვლა დაეზიანებინა და ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟს ახდენდა. ახლა, მათი ნაწილი, სრულ სასოწარკვეთაშია ჩავარდნილი, ვინაიდან გადაწყვეტილების მიღების თარიღი ახლოვდება და შესაბამისად, ისინი ხვდებიან, რომ ინსტრუმენტი, რომელიც მათ დესტაბილიზაციისთვის ჰქონდათ, ხელიდან ეცლებათ. ისინი ერთმანეთს რადიკალიზაციაში ეჯიბრებოდნენ და ასევე, გავიხსენოთ კეზერაშვილის განცხადებები, რომელიც ამბობდა, რომ ერთნაირად ასპონსორებდა, როგორც ოპოზიციას, ასევე სამოქალაქო სექტორს და ვიცით, რომ მისი შეკვეთა იყო არეულობისა და დესტაბილიზაციის მოწყობა ქვეყანაში", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია შეზრდილია ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან და მათი დღის წესრიგი ერთნაირია.

"პრაქტიკულად შეზრდილია ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, განსაკუთრებით ე.წ მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციები ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან. როდესაც ასეთი გაერთიანება არსებობს არასამთავრობო სტრუქტურებსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის, იქ ბუნებრივია, რომ დღის წესრიგი ემთხვევა და შესაბამისად, გარკვეული როლების განაწილებით, მაგრამ რეალურად ერთი და იგივე პოზიციების ტირაჟირება ხდება. არის ოპოზიციაში ხალხი, რომლებისთვისაც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღება არ მიღება, ფასდება მათი პოლიტიკური გეგმისთვის კარგია თუ ცუდია", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები