15 ნოემბერი 2024,   19:31
ვრცლად
ყველა, ვინც ბრალდებებს აყენებდა, მათ შორის უკრაინის ხელისუფლებიდან, ახლა დადგნენ და საქართველოს ხელისუფლებას ბოდიში მოუხადონ - მიხეილ სარჯველაძე უკრაინაში არახამიას ინიციატივის შესახებ

უკრაინაში დავით არახამიას მიერ დაანონსებულ კანონპროექტს ლობირების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ორგანიზაციებმა თავიანთი დონორების შესახებ ინფორმაცია უნდა წარადგინონ, გამოხმაურებები მოჰყვა თბილისში.

უმრავლესობა იხსენებს მსგავსი შინაარსის კანონპროექტს, რომელიც საქართველოს პარლამენტში იყო ინიცირებული და რომელსაც ოპოზიციის ხმაურიანი აქციები მოჰყვა. მმართველი გუნდის განცხადებით, ახლა, როდესაც დონორების თანხების გამჭვირვალობის შესახებ სხვა ქვეყნებიც იღებენ მსგავს კანონებს, ოპოზიციამ ბოდიში უნდა მოიხადოს.

"ყველა ის ადამიანი, ვინც რაღაც ხმამაღალ ბრალდებებს აყენებდა ხელისუფლებასთან დაკავშირებით, მათ შორის უკრაინის ხელისუფლებიდან, ახლა დადგნენ და საქართველოს ხელისუფლებას ბოდიში მოუხადონ. პერსონალურადაც და დიპლომატიური ჟესტიც უნდა გააკეთონ. ეს აუცილებელია. დაწყებული ქართული ოპოზიციიდან, რომლებმაც გახსოვთ, აირჩიეს ასეთი ტაქტიკა, რომ არც ერთ შემთხვევაში დისკუსიაში არ შევიდეთო და უბრალოდ მივაწებოთ იარლიყი, რომ ეს არის რუსული კანონი, რომელიც იყო პირდაპირი თარგმანი ამერიკული კანონის. ამ ფონზე ყველასთვის ნათელია, რომ არ შეიძლება ასე ცინიკურად ადამიანებს ჰქონდეთ დამოკიდებულება, რომ ვიღაცას იუპიტერად მიიჩნევდნენ და ვიღაცას ხარად," - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

ინფორმაციას უკრაინული მედია დავით არახამიას ფეისბუქ პოსტზე დაყრდნობით ავრცელებს. "ჩვენ ვხსნით ახალ დონეს - კანონს ლობირების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ყველა შესაბამისმა ორგანიზაციამ და პირმა უნდა წარადგინოს მონაცემები თავისი დონორებისა და თანხების შესახებ კორუფციის პრევენციის ეროვნულ სააგენტოში", - აღნიშნავს დავით არახამია.

დღის ამბები