15 ნოემბერი 2024,   19:20
ვრცლად
არ უნდა იყოს შიშები, რომ სტატუსმა შეიძლება გააძლიეროს ხელისუფლება - თეონა აქუბარდია

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრის თეონა აქუბარდიას განცხადებით, ოპოზიციაში არ უნდა იყოს იმის შიშები, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ შეიძლება ხელისუფლება გააძლიეროს.

მისი განმარტებით, თუ ვინმე ფიქრობს, რომ სტატუსის მინიჭება ხელისუფლებას გააძლიერებს და 2024 წლის არჩევნებში ოპოზიციის შესაძლებლობებს დაასუსტებს, ამის დადასტურებას მყარი არგუმენტები სჭირდება.

"გზავნილების ერთიანობა არის აუცილებელი იმისთვის, რომ ის მცირე როლი, რომელიც ოპოზიციას ახლა დარჩენილი აქვს, საქართველოსთვის იყოს გამოყენებული. ის, რომ გზავნილები უნდა იყოს ერთიანი საიდუმლო არ არის, ამას მოგვიწოდებენ საჯაროდ ჩვენი ევროპელი პარტნიორები და ასევე, მოგვიწოდებდნენ დახურულ კარს მიღმა. არ უნდა იყოს შიშები, რომ სტატუსმა შეიძლება გააძლიეროს ხელისუფლება. თუ ვინმე ფიქრობს, რომ სტატუსმა შეიძლება დაასუსტოს არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შესაძლებლობა და "ქართული ოცნების" ერთპარტიული ძალის გაყვანა ხელისუფლებიდან, ამას სჭირდება მყარი არგუმენტი", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის დავით კირკიტაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიის წევრები ვალდებულები არიან დაასახელონ ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ხელს უშლიან ქვეყანას სტატუსის მინიჭების პროცესში, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი განცხადებები გამოყენებული იქნება ოპოზიციის დასაზიანებლად.

"ჩვენ, სტატუსის მონიჭებას არ ვუყურებთ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკურ ჭრილში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ძალიან საჭირო ჩვენი ქვეყნისთვის. რაც შეეხება ჩემი ოპოზიციონერი კოლეგების განცხადებას, ისინი მოვალენი არიან დაასახელონ ის ადამიანები და პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ხელს არ უწყობენ ქვეყანას ამ პროცესში. მათი ეს განცხადება, გამოყენებულია ოპოზიციის დასაზიანებლად და რეალობა არის სხვა", - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

დღის ამბები