თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
სხდომას მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ერთვება. სააკაშვილმა დარბაზში დღეს პოლიტიკური განცხადებები გააკეთა და მოუწოდა ოპოზიციას შეწყვიტონ დაპირისპირება.
"მინდა მივმართო ყველა პოლიტიკურ ძალას, შემდეგი არჩევნები ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები საქართველოს ისტორიაში 1990 წლის შემდეგ.
ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ესენი არჩევნებით წასვლას არსად არ აპირებენ. ისინი წავლენ, როდესაც ჩვენ ვიმოქმედებთ ერთმანეთთან შეთანხმებით. ამ სისტემის შეცვლას უნდა მივაღწიოთ ყველამ ერთად.
არ გვჭირდება ერთ პარტიაში ყოფნა, არ გვჭირდება, ერთმანეთთან დავაქორწინოთ სხვადასხვა პარტიები, პოლიტიკური ჯგუფები თუ პიროვნებები, ჩვენ უბრალოდ გვჭირდება, რომ მივაღწიოთ სისტემის შეცვლას ერთობლივი ქმედებებით. უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ევროკავშირმა მოახდინოს არჩევნების მონიტორინგი, ხმების დათვლაში პირდაპირი ჩართვა და მონაწილეობა.
ჩვენ ევროკავშირს უნდა მივმართოთ თხოვნით, სტატუსიდან გამომდინარე, გაგვიხსნან ახალი საარჩევნო უბნები, რათა ემიგრანტები მივიდნენ და მისცენ ხმა. ჩემი თხოვნით წავიდნენ ვაშაძე, ცისკარიშვილი, ბოკუჩავა და ამერიკაში ხვდებიან ხალხს, სოფო ჯაფარიძე ევროპაში ხვდებოდა ხალხს. ჩვენ გვჭირდება ათჯერ მეტი ამომრჩევლის მოყვანა საზღვარგარეთ," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
დღევანდელ პროცესზე მოწმეების დაკითხვა არ არის დაგეგმილი.
გამოიკვლევენ მხოლოდ მტკიცებულებებს. სახელმწიფო ბრალდება სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია "იმედში" შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.