პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, თუ ოპოზიცია და მასთან აფილირებული სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესის ყველა ეტაპზე აპირებენ საბოტაჟის მოწყობას, საქართველოს კიდევ უფრო მეტი ბარიერი შეექმნება.
ბოჭორიშვილის თქმით, ის ადამიანები, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ მუშაობენ ერთ გუნდში არიან გაწევრიანებულები და განტევების ვაცების ძიება საჭირო არ არის.
"თუ ესენი ყველა ეტაპზე ასე აპირებენ საბოტაჟს, რა თქმა უნდა, საქართველოს ამ პროცესში კიდევ უფრო მეტი ბარიერი შეექმნება. ეს არიან ის ადამიანები, რომლებიც სამოქალაქო სექტორიდანაც და პოლიტიკური სპექტრიდანაც, ხელოვნურად ქმნიან ბარიერებს. როდესაც შენ სახელმწიფო საფუძვლებს ეწინააღმდეგები და ამით გინდა შენ მიაღწიო წარმატებას, რა თქმა უნდა ეს არის ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობა. ეს ადამიანები, ვინც თავიდანვე არ მონაწილეობდნენ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესში, იმთავითვე, გაცხადებულად იყვნენ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგები და ახლა განტევების ვაცების ძიება საჭირო არა რის, რადგან ყველა ერთ გუნდში არიან, რომლებმაც საქართველოს წინააღმდეგ იმუშავეს", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ცნობისთვის, იურისტმა სულხან სალაძემ, ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში კანდიდატის სტატუსის მიღებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, თუ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო, ეს ოპოზიციის მდგომარეობას კიდევ უფრო გაართულებს.