ელექტრონული მოწყობილობების გამოყენებით ჩატარებული არჩევნების აუდიტის პრეზენტაციაზე, ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ცესკოს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლაშა ფარულავა. როგორც ადგილზე გაირკვა, ლაშა ფარულავას კითხვები ჰქონდა აუდიტორული კომპანიის შერჩევის პროცედურასთან დაკავშირებით. მისი თქმით, პროცესი ოპოზიციური პარტიებისთვის დახურული იყო.
"ჩვენ გვინდა გამჭვირვალე პროცესი, თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები და უკვე დაიწყო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პროცესი, რომელიც არის დახურული იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც არიან ოპოზიციური. ისე შეარჩიეს აუდიტორული კომპანია, რომ ამის თაობაზე ჩვენ ინფორმაცია არ გვქონდა. სწორედ ამიტომ მოვედი აქ და ვსვამ ერთადერთ შეკითხვას - აი ასეთი დაბალი სტანდარტით აპირებენ არჩევნების ჩატარებას,"- განაცხადა ლაშა ფარულავამ.
ცესკოს თავმჯდომარე ბრალდებას გამოეხმაურა და ინციდენტს სპექტაკლი უწოდა. მისი განცხადებით, აუდიტორული კომპანიის შერჩევის პროცესი ღია სხდომაზე გამჭვირვალედ ჩატარდა და ოპოზიციური პარტიებისთვის, რომელთაც 9 წარმომადგენელი ჰყავთ კომისიაში, არჩევნებისთვის გათვალისწინებული ბიუჯეტი ჯერ კიდევ ორი თვით ადრე იყო ცნობილი.
"საარჩევნო ადმინისტრაციამ კიდევ უფრო მეტად აწია სტანდარტი გამჭვირვალობისა და საჯაროობის, რომელიც უკავშირდება საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებას. შესაბამისად, ჩვენ დღეს ვიხილეთ მცდელობა იმისა, რომ აბსურდული და გაუგებარი არგუმენტებითა და კითხვებით ყოფილიყო მცდელობა გადაფარულიყო ასეთი წინსვლა საარჩევნო ადმინისტრაციის, რომლის პრეზენტაციასაც დღეს ჩვენ მოწვეულ სტუმრებთან ერთად; პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საელჩოებთან და მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან ერთად ვახორციელებდით. აუდიტის დასკვნა გახლავთ ამერიკული კომპანიის მიერ განხორციელებული და ჩატარებული, რომლის მიხედვითაც დადგინდა მთელი რიგი თანხვედრა საარჩევნო კანონმდებლობასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან ტექნოლოგიების მთელი რიგი კომპონენტების გამოყენების, რომელმაც, ფაქტობრივად, არ დატოვა სივრცე მანიპულაციებისთვის,"- განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა.