გავაგრძელებთ ზრუნვას პედაგოგებისთვის პირობების გასაუმჯობესებლად. ჩვენი გადაწყვეტილებით, 2024 წელს განათლების სამინისტროსთვის დამატებით გამოიყოფა ნახევარი მილიარდი ლარი, აქედან 160 მილიონი ლარი მოხმარდება მასწავლებლების ხელფასების ზრდას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, ამასთან დაკავშირებით კონკრეტულ ხედვას მალე წარადგენენ.
„კარგად ვიცი, რაოდენ დიდ შრომას ეწევით მასწავლებლები, ზრუნავთ ჩვენი შვილების, მომავალი თაობების განათლებაზე, მათ აღზრდაზე, რაც ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წინსვლის მყარ საფუძველს ქმნის. დარწმუნებულო ვარ, ყველას გვყავს ჩვენი საყვარელი მასწავლებელი და მასწავლებლები, ანუ ის ადამიანები, რომლებმაც ჩვენს ცნობიერებაზე, მსოფლმხედველობაზე, აზროვნებაზე დიდი როლი იქონიეს და რაც მთავარია, მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს, გვასწავლეს ზოგადად აზროვნება, გვასწავლეს ყველაფერი ის, რაც მხოლოდ წიგნებით არ ისწავლება. ამიტომ ჩვენ, მთავრობას, კარგად გვაქვს გააზრებული ის დიდი ღვაწლი, რომელსაც თქვენ ეწევით. მიმაჩნია, რომ თქვენი პროფესიის პრესტიჟის ამაღლების კუთხით ჩვენ, მთავრობამ მეტი უნდა გავაკეთოთ. ამ მიზნით ჩვენი მინისტრი და მთლიანად ჩვენი მთავრობა ვმუშაობთ, ახლა კიდევ უფრო მეტად ინტენსიურად დავიწყეთ მუშაობა. გავაგრძელებთ ზრუნვას პედაგოგებისთვის პირობების გასაუმჯობესებლად. ჩვენი გადაწყვეტილებით, 2024 წელს განათლების სამინისტროსთვის დამატებით გამოიყოფა ნახევარი მილიარდი ლარი, აქედან 160 მილიონი ლარი მოხმარდება მასწავლებლების ხელფასების ზრდას, რომელიც, სრული დატვირთვის პირობებში, საშუალოდ 500 ლარით და მეტით გაიზრდება. მინისტრი აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით და ძალიან მალე წარმოგიდგენთ კონკრეტულ ხედვას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.