15 ნოემბერი 2024,   19:54
ვრცლად
კანონში ცვლილებები ემსახურება იმას, რომ საქართველოში მშვიდობა და უსაფრთხოება იყოს - რას ამბობენ უმრავლესობაში პრეზიდენტის მეოთხე ვეტოზე

პრეზიდენტის მეოთხე ვეტო, რომელსაც პარლამენტი მომავალ კვირას დაძლევს. დეპუტატები პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს ჯერ იურიდიულ კომიტეტზე განიხილავენ, შემდეგ კი, ის კენჭისყრაზე გავა.

ვეტოს მიზანსა და საფუძვლებს სრულად იზიარებს ოპოზიცია, "ქართული ოცნება" კი, სალომე ზურაბიშვილის მხრიდან შურისძიებაზე საუბრობს. საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონის დაბლოკვით, სალომე ზურაბიშვილმა დაადასტურა, რომ ის ოპოზიციის რადიკალურ გეგმებს ემხრობა.

"ჩვენ ვნახეთ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგი და ვიდეოჩანაწერები, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ მიერ, "ხალხის ძალის" მიერ, ასევე უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაანონსებული რადიკალური პროცესები, ტერორისტული აქტები, აფეთქებები და სხვა, სამწუხაროდ, არის რეალური.

ცვლილებები კანონში ემსახურება იმას, რომ საქართველოში იყოს მშვიდობა და უსაფრთხოება. სამწუხაროდ, ამ ყველაფერზე პრეზიდენტმა უარი თქვა. მის წილ პასუხისმგებლობასაც ჩვენ ავიღებთ და დავძლევთ ამ ვეტოს," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი. 

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, რატი იონათამიშვილის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილის მეოთხე ვეტო რადიკალური ოპოზიციისთვის ხელისშეწყობის მცდელობაა.

"სალომე ზურაბიშვილის ინტერესი ერთადერთია ყველა საკითხში, ხელი შეუწყოს რადიკალური ოპოზიციის რადიკალიზმს. ცხადია, რომ ვეტო დაიძლევა, რადიკალურ ოპოზიციას თუ სხვა ვინმეს, არ შეეძლებათ, ხელი შეუშალონ მართლწესრიგსა და განვითარებას,"- აცხადებს იონათამიშვილი. 

დღის ამბები