15 ნოემბერი 2024,   19:49
ვრცლად
„სალომე ზურაბიშვილს მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის ხელშეწყობა აინტერესებს - წინააღმდეგ შემთხვევაში, ვეტო-ს არ დაადებდა კანონის ისეთ პროექტს, რომელიც მართლწესრიგის უზრუნველყოფისკენაა მიმართული“ - რატი იონათამიშვილი

პრეზიდენტის მეოთხე ვეტო, რომელსაც პარლამენტი მომავალ კვირას დაძლევს - დეპუტატები პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს ჯერ იურიდიულ კომიტეტზე განიხილავენ, შემდეგ კი, ის კენჭისყრაზე გავა.

ვეტოს მიზანსა და საფუძვლებს სრულად იზიარებს ოპოზიცია, "ქართული ოცნება" კი, სალომე ზურაბიშვილის მხრიდან შურისძიებაზე საუბრობს. საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონის დაბლოკვით, სალომე ზურაბიშვილმა დაადასტურა, რომ ის ოპოზიციის რადიკალურ გეგმებს ემხრობა.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, რატი იონათამიშვილის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილის მეოთხე ვეტო რადიკალური ოპოზიციისთვის ხელის შეწყობის მცდელობაა.

„სალომე ზურაბიშვილს, ყველა საკითხში, ერთადერთი რამ აინტერესებს - რადიკალური ოპოზიციის ხელშეწყობა. მას სხვა მიზნები და ამოცანები არ აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვეტო-ს არ დაადებდა კანონის ისეთ პროექტს, რომელიც მართლწესრიგის უზრუნველყოფისკენაა მიმართული. ცხადია, ვეტო დაიძლევა, რადგან, რადიკალურ ოპოზიციას, იქნება ეს სალომე ზურაბიშვილი თუ სხვა ე.წ. ოპოზიციური პარტიები, არასდროს ექნებათ რესურსი, რომ ხელი შეუშალონ მართლწესრიგსა და განვითარებას“, - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

დღის ამბები