15 ნოემბერი 2024,   19:56
ვრცლად
პრეზიდენტის მეოთხე ვეტო - სახელისუფლებო გუნდი მის დაძლევას გეგმავს, ოპოზიცია კი საკითხის საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვას არ გამორიცხავს

"შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონზე" პრეზიდენტის ვეტოს, "ქართული ოცნება" ოპოზიციის გეგმის ნაწილად და ქვეყანაში დესტაბილიზაციის ხელშეწყობის მცდელობად აღიქვამს. მოტივირებული შენიშვნები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს უკვე წარუდგინა უმრავლესობისთვის გაუგებარია, სწორედ ამიტომ, სახელისუფლებო გუნდი მომდევნო სასესიო კვირას, ამ შენიშვნების განხილვასა და ვეტოს დაძლევას აპირებს. "ქართულ ოცნებაში" დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს, რატომ გახდა ცვლილებების განხორციელება საჭირო.

საფრთხეები, რომლებზეც სახელისუფლებო გუნდი საუბრობს, ოპოზიციისთვის უსაფუძვლოა. ხელისუფლების ოპონენტებისა და სალომე ზურაბიშვილის პოზიციები, კანონთან დაკავშირებით, სრულ თანხვედრაშია. ოპოზიციაში ამბობენ, რომ კანდიდატის სტატუსის მოლოდინის პროცესში მანიფესტაციის შესახებ კანონში ცვლილებების განხორციელება, დემოკრატიის მიმართულებით, უკან გადადგმული ნაბიჯია.

ოპოზიცია ახლა ელოდება, რომ სახელისუფლებო გუნდი პრეზიდენტის მეოთხე ვეტოს დაძლევს. ასეთ შემთხვევაში, ოპონენტები არ გამორიცხავენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართონ. ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ ცვლილებები ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ზღუდავს.

სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ ის, ვინც ცვლილებებს ეწინააღმდეგება, ქვეყანაში არეულობისა და ქაოსის გამოწვევას ცდილობს. "ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილის ვეტოს და ოპოზიციის გეგმებს ერთმანეთს უკავშირებს. უმრავლესობაში დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ ცვლილებები რეალური საფრთხის გათვალისწინებით მომზადდა და მისი მიზანი მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

ცვლილებები, რომლებიც პარლამენტმა 5 ოქტომბერს, მესამე მოსმენით, მიიღო, შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობას რამდენიმე შემთხვევაში კრძალავს - თუ ის საფრთხეს უქმნის სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში ან აფერხებს დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ფუნქციონირებას.

დღის ამბები