15 ნოემბერი 2024,   19:21
ვრცლად
„რადიკალური ოპოზიცია სრულ აგონიაშია, რადგან კანდიდატის სტატუსს საფრთხედ აღიქვამდნენ“ - რატი იონათამიშვილი

კანდიდატის სტატუსი ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ისევ ურთიერთბრალდებების თემაა. ევროკომისიის ანგარიში გაფართოების შესახებ 8 ნოემბერს გამოქვეყნდება, მანამდე კი, მმართველი გუნდი ოპოზიციის შეცვლილ რიტორიკაზე საუბრობს.

იგივე თემაზე აკეთებს აქცენტს ოპოზიციის ნაწილიც, რომელიც პირდაპირ ადასტურებს, რომ ბრიუსელში მათი ზოგიერთი კოლეგის შეხვედრების თემა, ხშირ შემთხვევაში, კანდიდატის სტატუსის გადავადებას ეხება.

"ოცნებაში" იხსენებენ იმასაც, როგორი იყო ამ თემაზე მანამდე, მათი ოპონენტების გზავნილები, რომლებიც, სტატუსის მიღების შემთხვევაში, ქვეყნის სარგებელზე საუბრობდნენ, ახლა კი მის გაუფასურებას ცდილობენ. მმართველი გუნდი ამბობს, რომ ოპოზიციის შეცვლილი რიტორიკა უკავშირდება სტატუსთან დაკავშირებულ მოლოდინს, რომელიც პოზიტიურია და რომელიც ოპოზიციას არ აწყობს.

პარტია "ქართული ოცნების" წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, რაც ქვეყნის სახელმწიფო მნიშვნელობის ამოცანა იყო, ახლა ოპოზიცია ქულების დაწერას უწოდებს.

"სრულ აგონიაშია ჩავარდნილი რადიკალური ოპოზიცია, ვინაიდან კანდიდატის სტატუსს ისინი აღიქვამდნენ საფრთხედ. ამ ადამიანების უბედურება არის ის, რომ ქულების დაწერას უწოდებენ კანდიდატის სტატუსს, ანუ რაც ჩვენთვის იყო სახელმწიფო მნიშვნელობის ამოცანა, მათთვის იყო ქულების დაწერის ამოცანა, ოღონდ ხელი რომ შეეშალათ ამ პროცესისთვის. ხელი ვერ შეუშალეს, ვერც შეუშლიან და ახლა საკუთარ ლუსტრაციას ახდენენ. ვფიქრობ, სასარგებლო პროცესი მიმდინარეობს იმისთვის, რომ საზოგადოებამ მარტივად გააკეთოს არჩევნები მომდევნო საპარლამენტო არჩევნების დღეს", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, ოპოზიცია ცდილობს, გააუბრალოოს კანდიდატის სტატუსის მიღება.

"ცდილობენ, გააუბრალოონ ეს პროცესი და უპირობოდ ითხოვენ, რომ შეიცვალოს ხელისუფლება. ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის ყოველივე. კარგად გვახსოვს მათი მსჯელობები და ზრახვები, რომ კანდიდატის სტატუსის უარის შემთხვევაში, აქ აპოკალიფსს, არეულობას მოაწყობდნენ და რომ სტატუსი მნიშვნელოვანი იყო. ახლა ცდილობენ,  ეს პროცესი გააუბრალოონ", - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

დღის ამბები