15 ნოემბერი 2024,   19:49
ვრცლად
"პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვატარებთ, გონივრულია" - თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე, დაზვერვის სამსახურის უფროსს მოუსმინეს

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე, დაზვერვის სამსახურის უფროსს მოუსმინეს. შალვა ლომიძემ კომიტეტის წევრებს რეგიონული უსაფრთხოების გარემოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და დეპუტატების კითხვებს უპასუხა. კომიტეტის სხდომა დახურულ ფორმატში ჩატარდა.

დამოუკიდებელი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებებით, მოსმენები კარგია, თუმცა უსაფრთხოების საკითხებს უნდა მოჰყვეს კონკრეტული პოლიტიკური ნაბიჯები.

"ცალკე შეფასება ძალიან კარგი და მნიშვნელოვანია, მაგრამ შეფასებას თუ არ მოჰყვება კონკრეტული პოლიტიკის ნაბიჯები, ისევე, როგორც პოლიტიკის დოკუმენტი უსაფრთხოების საკითხებში, რომელიც არ გვაქვს 2018 წლიდან, ამ მოცემულობაში, ეს კიდევე ერთხელ ნიშნავს, რომ არ ვიმჩნევთ იმ საფრთხეებს, რომლებიც საქართველოს აქვს", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბერაიას განცხადებით, პოლიტიკა, რომელსაც მმართველი გუნდი ატარებს, გონივრულია.

"ვისაუბრეთ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ზონაში არსებულ ვითარებაზე, რა ხდება ფრონტის ხაზზე. ვისაუბრეთ, რა ხდება ჩვენს სამეზობლოში, ჩვენ ირგვლივ, ასევე ვისაუბრეთ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე, შავი ზღვის უსაფრთხოების ყველა მნიშვნელოვან საკითხზე. ძალიან საინტერესო მოსმენა იყო და, მოსმენის შემდეგ, კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ უსაფრთხოების გარემო არის საკმაოდ მყიფე, საკმაოდ კომპლექსური და ცვალებადი, საკმაოდ დამძიმებული და ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვატარებთ, არის, რა თქმა უნდა, გონივრული", - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

დღის ამბები