მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ აქვს ინფორმაცია საქართველოში რუსების დივერსიული ჯგუფების შემოყვანის შესახებ. ბრალდებული ექსპრეზიდენტის განცხადებით, ამ ჯგუფებს ქვეყნის დესტაბილიზაცია ევალებათ, საეჭვო პირებზე ინფორმაციის შესაგროვებლად კი უნდა შეიქმნას სამოქალაქო თავდაცვის ცხელი ხაზი. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე, კლინიკა "ვივამედიდან" ჩართვისას განაცხადა.
მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე პოლიტიკური განცხადებები გააკეთა, რის გამოც მოსამართლემ რამდენჯერმე მისცა შენიშვნა და მოუწოდა ბრალდების შესახებ ესაუბრა. საბოლოოდ ბადრი კოჭლამაზაშვილმა მას ჩართვა გაუთიშა.
"ჩემი ინფორმაციით, შემოსულია დივერსიული ჯგუფი, რომელიც არის შეიარაღებული, იმართებიან რუსეთის პირველი მთავარი სამმართველოს მიერ, რომელსაც ევალება არეულობის პირობებში ხელისუფლების ხელში აღება და ქვეყნის დესტაბილიზაცია," - აღნიშნა სააკაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, მიხეილ სააკაშვილის მიმართ საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ბრალდების საქმე განიხილებოდა. პროცესზე ხმაურიც იყო, დაკავებულის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა ექსპრეზიდენტის გათავისუფლება მოითხოვა. ის სხდომათა დარბაზიდან გააძევეს.