"ნაციონალურ მოძრაობაში" არ აქვთ ინფორმაცია, თუ რა ფაქტებზე დაყრდნობით გაკეთდა დივერსიულ ჯგუფებზე განცხადება მიხეილ სააკაშვილმა. ამასთან, "ნაციონალურ მოძრაობაში" რისკების არსებობა არ გამორიცხეს და ამის საფუძვლად ქვეყანაში შემოსული რუსეთის მოქალაქეების დიდი რაოდენობა დაასახელეს.
"გამომდინარე იმ მძიმე გეოპოლიტიკური პრობლემებიდან, რაც ქვეყანაშია შექმნილი და უსაფრთხოების კუთხით იმ უმძიმესი მდგომარეობიდან გამომდინარე, არ არის რთული იმის პროგნოზირება, რომ რაღაც პროვოკაციებს ჰქონდეს ადგილი და ძალიან ბევრი ჯგუფი, თავისუფლად გადაადგილდებოდეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. კონკრეტულად რა ინფორმაცია ჰქონდა, მან იცის ყველაზე კარგად და მას შეეძლო აეხსნა, მაგრამ ფიზიკურად არ მისცეს ამის საშუალება", - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ აქვს ინფორმაცია საქართველოში რუსების დივერსიული ჯგუფების შემოყვანის შესახებ. ბრალდებული ექსპრეზიდენტის განცხადებით, ამ ჯგუფებს ქვეყნის დესტაბილიზაცია ევალებათ, საეჭვო პირებზე ინფორმაციის შესაგროვებლად კი უნდა შეიქმნას სამოქალაქო თავდაცვის ცხელი ხაზი. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე, კლინიკა "ვივამედიდან" ჩართვისას განაცხადა.